ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ბორის პაიჭაძემ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა მხატვრულ ფილმში „პირველი მერცხალი”. მის შესახებ მსახიობი დიმა ჯაიანი შემდეგს იხსენებდა:
„ბორის პაიჭაძე ძალიან არტისტული ადამიანი იყო. მთელი ევროპა „კარუზოს” ეძახდა. მის თამაშს სამწუხაროდ ვერ მოვესწარი. აბა, მოუყევი ბიჭებს რამეო – ეტყოდა დოდო აბაშიძე და ისიც გვიამბობდა საინტერესო ეპიზოდებს. ჩვენც გატრუნულნი ვუსმენდით.
მაშინ ამბობდნენ, ბორის პაიჭაძეს მარჯვენა ფეხი „დალუქული” ჰქონდა, ამ ფეხით ვერ დაარტყამდა კარშიო. ნეტავ ვინ იგონებს ამგვარ ამბებსო, -იცინოდა. – ერთადერთი, რუმინეთში იყო, ბურთს დავარტყი და კარის ძელი გავტეხეო. ეს მომენტი ფილმში შეიტანა ქალბატონმა ნანამ.
როცა ტელევიზიით ფეხბურთს ვუყურებდით, ხმას ჩაუწევდა ხოლმე. კომენტატორი ან ეროსი უნდა ყოფილიყო, ან კოტე მახარაძე, რომ ხმა არ ჩაეწია.
სულით და გულით გვავარჯიშებდა ფეხბურთში. ყველას ჰგონია, ფილმში ჩვენი ფეხები არ არის და პროფესიონალი ფეხბურთელებია გადაღებული. ასე არ არის, ჩვენ ვართ. ამის მისაღწევად არაადამიანურად გვაშრომებდა ბატონი ბორისი.
დილის რვა საათზე გვაღვიძებდა და რამდენიმე საათის განმავლობაში მინდორზე გვარბენინებდა. ყველაზე მონდომებული ბატონი დოდო აბაშიძე იყო, გვჯობდა კიდეც სირბილში”.
ავტორი