ცოტა ხნის წინ ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად მწერების საწინააღდეგო მოწყობილობა შეიმუშავა.
„Florida Fly-Baiter“-ის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ხაფანგს მხოლოდ ერთი დოზა ინსექტიციდით (მავნე მწერების გამანადგურებელი ქიმიური პრეპარატი) ათი ათასობით ბუზის განადგურება შეუძლია. მოწყობილობა სამხედროებს საშიში დაავადებების გადამტანი მწერებისგან დაიცავს. პროექტი აშშ-ს სამხედრო დეპარტამენტმა დააფინანსა.
ინოვაციურ ხაფანგს შავზოლებიანი ცისფერი სამკუთხედი ქმნის. კვლევის პერიოდში დადგინდა, რომ სწორედ ფერების ასეთი შეხამება იზიდავს ყველაზე მეტად ბუზებს. მწერების მისაზიდად ხაფანგში ასევე ცილის არომატიზატორები გამოიყენება. მეცნიერების თქმით, ბუზები ძლიერმოქმედი ინსექტიციდის ზოლებში ძვრებიან, რომლებიც ბეტონის ბზარებს წარმოადგენს. ასეთ ნაპრალში შემძვრალი ბუზი მყისიერად კვდება და მოწყობილობის შიგნით ვარდება.
სხვა ხაფანგებისგან „Florida Fly-Baiter“ მაღალი ეფექტურობა განასხვავებს. მეცნიერებმა აპარატი სხვადასხვა ქვეყნებში საველე წვრთნების დროს გამოიყენეს. ტესტის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ერთი თვის განმავლობაში მოწყობილობამ ერთი დოზა ინსექტიციდით 40 ათასი ბუზი გაანადგურა.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ გამოგონება სასარგებლო იქნება არამარტო სამხედროებისთვის, არამედ – სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე სამაშველო და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის.
„Florida Fly-Baiter“-ის გამოყენება რიგით მოქალაქეებსაც შეეძლებათ.
ავტორი
ავტორი