“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებს სისხლის აღების წესით მოქმედებისკენ მოუწოდა ტერორიზმსა და “ვაჰაბიზმში“ ეჭვმიტანილების მიმართ.
სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ბრალდებულები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.
„ვინც ხელს აღმართავს ძმაზე (იგულისხმება პოლიციელი. რ.თ.), უნდა ესმოდეს, რომ სისხლის აღებით დავუხოცავთ ყველას – მამას, ძმას, ბიძას“, – ციტირებს რადიო თავისუფლების პროგრამა Кавказ.Реалии კადიროვის სიტყვებს.
ჩეჩნური ოპოზიციური საინფორმაციო არხები იუწყებიან, რომ დაღესტანში 23 ივნისს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ჩეჩნეთში პოლიცია მასობრივად აკავებს ყველას, ვინც ეჭვმიტანილად ეჩვენება.
კადიროვმა სამოქალაქო წესრიგის გასამყარებლად, ტერორიზმის პრევენციისა და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ზომების გაძლიერებაც მოითხოვა. მან ეს დაღესტანში მომხდარს დაუკავშირა და განაცხადა, რომ აუცილებელია ძლიერი წინააღმდეგობა „ევროპული ქვეყნებიდან მომდინარე რადიკალური იდეოლოგიის“ მიმართ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.
Грозный-Инфо-ს თანახმად, კადიროვმა არეულობების ორგანიზებაში დაადანაშაულა „ეშმაკები“, რომლებიც ევროპაში სხედან და მათ „ბავშვებს ინტერნეტით ამუშავებენ“. მან პოლიციელებს მოსთხოვა, ინტენსიური წინააღმდეგობა გაუწიონ „ევროპული ქვეყნებიდან მომდინარე რადიკალურ იდეოლოგიას“.
23 ივნისს დაღესტანში თავს დაესხნენ პოლიციელებს, ეკლესიასა და სინაგოგას, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი, პოლიციელები, მღვდელი და რელიგიური შენობების დაცვის თანამშრომლები.
წყარო: რადიო თავისუფლება