დღეს მივიღე ჩემ მიერ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 07 ივნისს შეტანილი აპელაციის პასუხი.
როგორც იტყვიან, პასუხია – ქვას გახეთქავს
,,რა გამოვიწერე, რა ჩამომივიდას „ ამბავია
მოვითხოვე – ,,მიმაჩნია, რომ ჩემი კომპეტენცია და მრავალწლიანი გამოცდილება სავსებით
პასუხობს კონკურსის მოთხოვნებს. შესაბამისად, არ ვეთანხმები კომისიის
გადაწყვეტილებას და გთხოვთ განმიმარტოთ, კონკრეტულად რომელი
კრიტერიუმი ვერ დავაკმაყოფილე და რა გახდა იმ გადაწყვეტილების მიღების
მიზეზი, რომ ჩემს კანდიდატურაზე არჩევანი არ შეჩერდა.
ასევე გთხოვთ მომაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
• ინფორმაცია კონკურსის პროცედურების, ეტაპების და შედეგების
თაობაზე;
• კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდა კანდიდატების შეფასება.
• საკონკურსო კომისიის მიერ შედგენილი ოქმი, რომლითაც მოხდა ჩემი
კანდიდატურის შეფასება.
• საკონკურსო კომისიის მიერ შედგენილი შესაბამისი ოქმი/ოქმები,
რომელიც ასახავს სხვა კანდიდატების უპირატესობას ჩემს
კანდიდატურასთან შედარებით.
• ყველა სამართლებრივი აქტი (აქტები), მათ შორის
ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც უარი მეთქვა
გასაუბრების ეტაპის გადალახვასა და რესურსცენტრის ხელმძღვანელად დანიშვნაზე.“
…და მივიღე, ის, რასაც ქვემოთ ხედავთ – – – -,,კომისიამ იმსჯელა კანდიდატ ლელა იმედაშვილის თაობაზე. შეფასდა კანდიდატის შესაბამისობა პოზიციასთან, კერძოდ, ცოდნა, გამოცდილება და მოტივაცია კომისიამ კენჭისყრით, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ქალაქ ოზურგეთის რესურსცენტრის უფროსის პოზიციაზე არ წარედგინოს ლელა იმედაშვილის კანდიდატურა“.
შემდეგი ეტაპი სასამართლოა და ჩემი სარჩელი უკვე სასამართლოშია…
პ.ს. ოქმში ადგილები დაფარულია(შავი ფერით) კომისიის მიერ. თეთრზე შავით ხომ ნუ იტყვი, იმდენი რამე იკითხება , წერს ლელა იმედაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი ლალი სიჭინავა დაინიშნა. ლელა იმედაშვილმა სამინისტროს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რაზეც ზემოთ მოცემული პასუხი მიიღო.