ანსამბლი „ორერას“ წევრი გენო ნადირაშვილი ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებდა.
“მოსკოვში ვართ გასტროლებზე. “როსიაში” დავბანაკდით. ახალგაზრდები გახლდით. სისხლი გვიდუღს. კავკასიელი ბიჭები რომ რუს გოგოებს მაგრად ვუგებთ, ყველასათვის ნათელია. არადა, სასტუმროში უცხო გოგოს ვინ შეგაყვანინებს?
გავიცანით მე და თემო დავითაიამ ორი რუსი გოგო. არ გინდა სასტუმროში შეიყვანო?! ჩვენი ნანი ბრეგვაძე უნდა “შეგვეკერა”, ცოტა გულუბრყვილო იყო და გეგმაც შევიმუშავეთ.
საღამოს, როდესაც ამ “დუშკების” შემოყვანას ვაპირებდით, წინასწარ შევედით ნანის ოთახში, მაცივრის ჩასართავი მოვშალეთ და გამოვიპარეთ უკან. ცოტა ხანში ნანი გვეძახის:
– ჩემი მაცივარი არ მუშაობს.
– ვიცით, ვიცით, – წამოსცდა თემოს და ენაზე იკბინა.
– მოიცა, საიდან იცი? – დაეჭვდა ნანი.
– ახლა არ გვითხარი? – გამოვასწორე შეცდომა, – მაგას შვეიცარი გააკეთებს. ა, 3 მანეთი და მიეცი-მეთქი, – “ვაჩუქეთ” ქრთამი.
– ჩვენს სოლისტს მაცივარი გაუფუჭდა, ადი, გაუკეთე, მაღარიჩი იქნება-მეთქი, – “შევაბით” შვეიცარი. ვერაფერს მიხვდა, წამოეგო ანკესზე.
დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო, ნანი – მაცივართან, შვეიცარი – ნანის ნომერში, ის გოგოები – ჩვენს ნომერში. კაცს ჭკუა და მოხერხება გჭირდება, თუ არა, “როსიაში” 3 მანეთად ისეთ რამეებს გააკეთებ, თვითონაც გაოცებული დარჩები.
ასეთ “შტუკებს” ნანი გვიან ხვდებოდა და გვარიანადაც გამოგვლანძღავდა ხოლმე, მაგრამ ამდენი ძმები ერთი დის გალანძღვას ვაჟკაცურად ვუძლებდით.”
ავტორი