ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ საზოგადოებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა გააცნო.
მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს და მოუწოდებს, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მომავლისკენ გაიხედონ.
„მოგმართავთ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი. ივანიშვილი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს გაშინებთ თქვენ, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში გემუქრებათ რეპრესიები და სამსახურის დაკარგვა. ოლიგარქი, როგორც ყოველთვის, იტყუება. ახალი ხელისუფლების პირობებში არანაირი გამიზნული დათხოვნები არ იქნება, უფრო მეტიც, თქვენი ხელფასი მკვეთრად მოიმატებს და თქვენი სამსახური ბევრად უფრო პრესტიჟული გახდება, ეს ეხება პოლიციელებს, სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობების, ააიპ/სსიპ-ის მუშაკებს, პედაგოგებს. ერთადერთი პირობა იქნება, არ წახვიდეთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულოთ არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები და პოლიციელების შემთხვევაში, არ დაღვაროთ სისხლი, არ შეასრულოთ ძალადობრივი, უკანონო ბრძანებები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამ წელიწადზე მეტია, რუსეთის უკანონო ტყვე ვარ საქართველოში, მეც კი არ გავბოროტებულვარ, პირიქით, თანაგრძნობაც კი გამაჩნია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მთელი ეს დრო ჩემს მიმართ არაადამიანური, უკანონო ბრძანებების შესრულება უხდებოდა. 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველამ მომავალში უნდა გავიხედოთ და შევწყვიტოთ წარსულის ქექვა. ამ გადასვლაში თითოეული საჯარო მოხელის მონაწილეობა გადამწყვეტია!“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
ამასთან, საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ წნეხზე ისაუბრა ლევან სანიკიძემაც.
მისი განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ, დაშინებამ, მოსყიდვამ ზღვარგადასული ხასიათი მიიღო. „ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის და საჯარო მოხელეების როლის გაძლიერების შესახებ ყველაზე მეტი, რა თქმა უნდა, „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” აქვს გაკეთებული. სწორედ ამ პარტიამ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეძლო და შექმნა საჯარო მოხელეთა ის ინსტიტუტი, რომლის ჩამოშლას ივანიშვილი ახლაც ცდილობს. ჩვენ კარგად გვესმის ის წნეხი, რომელსაც ჩვენი ძვირფასი საჯარო მოხელეები განიცდიან. ადამიანები, რომლებიც ყველაზე სწრაფად ამჩნევენ იმ ღალატის შედეგებს, რასაც ივანიშვილი ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებს“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ
ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.