აშშ-ში მცხოვრები გავლენიანი თურქი მქადაგებელი, პოლიტიკური ფიგურა და ყოფილი იმამი, ფეთჰულაჰ გიულენი, რომელსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებდა, გარდაიცვალა. ის 83 წლის იყო.
გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გვერდმა, რომელიც გიულენის ქადაგებებს აქვეყნებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გიულენი გარდაიცვალა საავადმყოფოში, სადაც მკურნალობდა.
ინფორმაციისთვის, წარსულში, გიულენი ერდოღანის მოკავშირე იყო, თუმცა მოგვიანებით ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი 2013 წლის დეკემბერში ერდოღანთან დაკავშირებული მინისტრების კორუფციულ სკანდალში გახვევა გახდა. როგორც აღინიშნა, ერდოღანმა გიულენს ბრალი დასდო 2016 წელს მომხდარ გადატრიალების მცდელობაზე, როცა თურქეთის არმიის ნაწილი აჯანყდა, რასაც 250 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გიულენი აშშ-ში 1999 წლიდან ცხოვრობდა და პუტჩში მონაწილეობას უარყოფდა. გიულენის მოძრაობა ჰიზმეთი, რომელიც ითარგმნება როგორც “მსახურება”, ქადაგებდა ისლამის შედარებით ზომიერი ფორმის გავრცელებას, რომელიც დასავლურ განათლებას, თავისუფალს ბაზარსა და რელიგიათაშორის კომუნიკაციას ახალისებდა.
სამხედრო ამბოხის დამარცხების შემდეგ, მოძრაობა თურქეთში სისტემატიურად იდევნებოდა და საერთაშორისო გავლენაც თანდათან დაკარგა. გიულენი 1941 წელს ერზურუმში, იმამის ოჯახში დაიბადა და ყურანს ბავშვობიდან სწავლობდა.