არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული.
მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების დღეს ჩასატარებელი ყველა პროცედურა გამართულად წარიმართოს და საარჩევნო უბნებში მყოფ უფლებამოსილ პირებს პროცესებზე შეუფერხებელი დაკვირვების საშუალება მიეცეთ.
მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი მაგიდები განალაგოს იმგვარად, რომ ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით, ყველა უფლებამოსილ პირს მარტივად შეეძლოს როგორც მაგიდების წინა, ისე უკანა მხარეს თავისუფალი გადაადგილება”,_ ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორებიც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – საია არიან.