„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი შიმშილობს. ის ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის გასილაქების გამო დააკავეს. იმ დღეს, ქალაქ ბათუმში მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა. მზია ამაღლობელი პოლიციის შენობასთან მაშინ მივიდა, როცა გაფიცვის მოწოდების სტიკერების გაკვრის გამო აქტივისტები დააკავეს.
მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების შელახვის პროტესტი მზია ამაღლობელმა ამ სტიკერის პოლიციის შენობის ღობეზე გაკვრით გამოხატა. სწორედ მაშინ დააკავეს მედიამენეჯერი. მეორედ ვითარება მზიას გათავისუფლების შემდგომ მაშინ დაიძაბა, როცა მზიას უკანონოდ დაპატიმრების გამო, პოლიციასთან მისული მისი ახლობლები, შეხლა-შემოხლისას დააკავეს. პოლიციის უფროსს არც სტრესში მყოფი ადამიანის მოსმენა სურდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას. არსებობს ვიდეოკადრები, რომელშიც კარგად ისმის, თუ როგორ ემუქრება დგებუაძე ამაღლობელს, რომ “აუცილებლად სისხლის სამართლით გაასამართლებს“. დაპატიმრებულს პოლიციელმა სახეში შეაფურთხა, იწევდა საცემრად და უშვერი სიტყვებით აგინებდა. მზია ამაღლობელს არ მისცეს ფეხსაცმლის ჩაცმის უფლება, რომელიც პოლიციის ეზოში შეთრევისას გასძვრა, არ მისცეს უფლება დაელია წყალი და ესარგებლა საპირფარეშოთი…
შიმშილობის გამო, სასჯელაღსრულების სისტემა იძულებული გახდა, ამაღლობელი კლინიკაში გადაეყვანა და კვლევები ჩაეტარებინა, რომელიც მისი ადვოკატის თქმით, მანამდე, არაერთგზის განცხადებისა, არ ჩატარებია.
მზია ამაღლობელის დაკავებას „გურია ნიუსთან“ გურიაში მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეხმიანებიან.
ამირან გიგინეიშვილი, “საქართველოს სასოფლო დარბაზის” ერთ–ერთ დამფუძნებელი: _ მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარია. ის პოლიციელი, ვინც მას აგინა და სახეში შეაფურთხა, ქალისგან ადეკვატური რეაქციის შედეგად კი ციხეში ჩასვა, ყაჩაღია. ყველა პოლიციელი ყაჩაღია, რომელიც სახეს ნიღბით იფარავს, არ აქვს არანაირი ამოსაცნობი ნიშანი და უმოწყალოდ სცემს ადამიანს, რომელსაც კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის უფლება აქვს! მზია თავისუფლებისა და უდრეკობის სიმბოლოა. ვინ მიდის ღირსებით ევროპისკენ? _ მზია მიდის!
თამარ მიქაძე, სამოქალაქო აქტივისტი: _ იმას, რაც ქვეყანაში ხდება, აქვს ერთი სახელი _ “რუსული რეჟიმი“, რომელიც ებრძვის ქართველ ხალხს. მზია ამაღლობელი, ისევე, როგორც რეჟიმის ყველა ტყვე, არის სინდისის პატიმარი. მზია ამაღლობელის ტყვეობით, “რუსულმა ოცნებამ“ დაატყვევა თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი მედია. საოცარია მისი ბრძოლა და თავგანწირვა; ჩემი უდიდესი პატივისცემა მას! ხოლო ის, რომ მავნებელ რუსულ რეჟიმს ფეხებზე ჰკიდია ადამიანის პროტესტი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მას არ ადარდებს ადამიანების სიცოცხლე. სამარცხვინოა, რომ უდანაშაულო მზია ამაღლობელი, რომლის საპროტესტო აქტს _ სილის გაწნას რეჟიმის “მილიციისთვის“ წინ უძღოდა უამრავი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა და დამცირება, იჯდეს რეჟიმის ციხეში და ამ დროს, გარეთ თავისუფლად დათარეშობდნენ ის “მილიციელები“, რომლებმაც უამრავი ადამიანი აწამეს, სასიკვდილოდ სცემეს! ცალსახაა, რომ რეჟიმის მონებს არ ადარდებთ არაფერი, გარდა პატრონის მორჩილებისა. ჩვენ, ხალხს, რომლებიც ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ, არ გვაქვს მორალური უფლება, რომ გავჩერდეთ. სისტემა უსწორდება ქვეყნის საუკეთესო შვილებს და ატყვევებს მათ; მათი ერთადერთი იმედი კი ჩვენ ვართ, ის მებრძოლი ხალხი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი და თანამებრძოლების თავისუფლება. დამნაშავეა ყველა, ვინც დუმს! თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს!
თამარ ღლონტი, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის ერთ–ერთი დამფუძნებელი: _ მზია ჩვენი დროის გმირია, შეუდრეკელი, ისეთი როგორიც ისტორიულად იყო სამშობლოსთვის მებრძოლი ქართველი ქალი_ ღირსების და თავისუფლების დამცველი. უსამართლობის მსხვერპლია. ჩემი სოლიდარობა მას და ყველა პოლიტპატიმარს!
მინდია სალუქვაძე, გურიის პროგრესის სახლის ერთ–ერთი დამფუძნებელი: _ ქვეყანაში „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ სრული ქაოსია და მოსალოდნელიც იყო ასეთი აგრესია და დაკავებები, რომელსაც ყველა დღეს ვუყურებთ. ერჩიან ყველას, ვინც ჯანსაღად აზროვნებს და სიმართლეს ამბობს. ყველანი ამ მთავრობის ტუსაღები ვართ. რაც შეეხება მზია ამაღლობელს, მას ვუცხადებ სოლიდარობას და ის არის ჩვენი დროის გმირი.
გრიგოლ მახარაძე, მოქალაქე: – მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. ფაქტია, რომ მზია ამაღლობელმა სილა გააწნა პოლიციელს, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით, სისხლის სამართლის კოდექსით, ეს დანაშაული არ არის. მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულიყო მხოლოდ ადმინისტრაციული და არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვე და უკანონო პატიმარია. ყველამ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამართლიანობის და კანონის უზენაესობის არსებობა, მზია ამაღლობელის თავისუფლება უნდა მოითხოვოს.






























































