ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი სიჭინავა იხსენებდა:
„1965 წელს მოსკოვში ბრაზილიას ვეთამაშეთ. ისეთი ამბავი იყო, ბევრზე დამთრგუნველად იმოქმედა. მარცხენა მცველი გვყავდა, დანილოვი – მატჩამდე ხუთი დღით ადრე უთხრეს გარინჩას წინააღმდეგ ითამაშებო და კანკალი დააწყებინა! მერე ზოგს სიცხემ აუწია, სხვებს ტრავმები „გაუმიზეზდათ”, მოკლედ, იყო ერთი ალიაქოთი. რისი ეშინოდათ დღემდე ვერ ვხვდები – გეგონება ჩვენხელა ბიჭების კი არა, მხეცების წინააღმდეგ გადიოდნენ მინდორზე.
თამაშისწინა გარჩევაზე ბარქაიას ჟერსონის აყვანა დაავალეს, მე კი პელეს „დაჭერა” ვითავე არადა, პელეს დამჭერი მე კი არა, დედამიწაზე არავინ იყო! მწვრთნელმა გვითხრა, პელეს წინააღმდეგ ვინ ითამაშებსო და ხმა არავინ ამოიღო. მე კი ისე მინდოდა ბრაზილიელებთან თამაში, ვიყვირე – მე დავიჭერ პელეს-მეთქი! ასე მოვხვდი ძირითადში. აბა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება იქნებოდა?!
პელეს მაისური? ჰო, თამაშის შემდეგ მე გამიცვალა მაისური. მოსკოვში 10 ათას მანეთს მაძლევდნენ სანაცვლოდ, მაგრამ არ გავყიდე. წლების მანძილზე გაგრაში მეკიდა ჩარჩოში ჩასმული. იქვე ჩემი და პელეს მატჩისშემდგომი ფოტო მქონდა გამოფენილი. ერთხელ სტუმრად ნაცნობი ქალბატონი გვეწვია და უყურა, უყურა ამ ფოტოს და მერე მეუღლეს ჰკითხა: შენი ქმარი რომელიაო?… ეჰ, კაი დრო იყო!“

































































