„მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, პრესაზე რეჟიმის უპრეცენდენტო თავდასხმის სიმბოლოა,“ – ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა „ლე მონდი“ ვრცელ სტატიას, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეს ეძღვნება.
სტატიაში აღწერილია მზია ამაღლობელის დაკავების და შემდგომ უკანონო პატიმრობის დეტალები. „ლე მონდმა“ კითხვები გაუგზავნა პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერს.
„მტრობა და ჟურნალისტების მიმართ ასეთი სიძულვილი. ასეთი რამ აქამდე არცერთ მთავრობას არ გამოუვლენია. დღეს, ოლიგარქიულმა რეჟიმმა მიიღო აბსურდული კანონები, რაც დიქტატურისათვის დამახასიათებელი იყო.
ჩემი კოლეგების ცხოვრება თავგანწირვის სინონიმი გახდა. ვნანობ, რომ არა ვარ მათ გვერდით ამ რთულ დროს“.
მზია ამაღლობელი „ლე მონდთან“ ეხმაურება მის მიმართ „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მიერ წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიას. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, უკანონო პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერს მოიხსენიებენ „აგენტად“ და ამტკიცებენ, რომ მან „პოლიციელზე თავდასხმა დაგეგმა“.
მზია ამაღლობელი „ლე მონდის“ კითხვაზე პასუხად კი წერს, რომ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის მოქნეული სილა „არც გააზრებული იყო და არც დაგეგმილი“.
„თავს უკანონო პატიმრად მივიჩნევ. ჩემს ადვოკატებთან, თანამოაზრეებთან ერთად ვცდილობ ეს სასამართლოს გზითაც დავამტკიცო. თუმცა, მოულოდნელი არ იქნება ჩემთვის დღევანდელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ 7 წელი რომ მომისაჯოს „სილის გაწვნისათვის“.
პატიმრობაში ვიქნები თუ პატიმრობის მიღმა შევეცდები კარგი მოქალაქე ვიყო. მოქალაქე, რომელიც თავისი უნარებით, პროფესიით, წინააღმდეგობით ყოველთვის იბრძოლებს სამართლიანობის და დემოკრატიისათვის. იბრძოლებს რუსული გავლენების, ოლიგარქების და დიქტატორების წინააღმდეგ,“ – წერს მზია ამაღლობელი „ლე მონდს“ რუსთავის ქალთა კოლონიიდან.
ვრცლად: ბათუმელები






























































