ნანული სარაჯიშვილის მანქანა „რენო მოსკვიჩი“ კინოშიც კია გადაღებული – „გარიგებაში“. ქალბატონი ნანული იხსენებს, როგორი ოინი მოუწყო მას გოგა პიპინაშვილმა:
„სადღაც ივლისის შუა რიცხვებში გამოვიყვანე მანქანა და წავედი კიდეც გადაღებებზე. ერთ ამბავში ვიყავი, ძალიან ვუფრთხილდებოდი, წამდაუწუმ სასტუმროდან ვუყურებდი, ჩავდიოდი, ვაპრიალებდი.
გოგა პიპინაშვილმა ჩაავლო ხელი ამ მომენტს და „გამიჩალიჩა“… ინსპექტორმა გამაჩერა, ეს მანქანა ვისიაო? როგორ ვისია, ჩემია-მეთქი, გავიჯგიმე. საბუთები, თუ შეიძლებაო. ვიცი, რომ საბუთები წესრიგში მაქვს, ამოვიღე დიდის ამბით. უყურებს მანქანის ნომერს, იყურება საბუთებში, შემხედავს მე, ბოლოს მეუბნება, თქვენი მანქანა არ არისო. რას ლაპარაკობ-მეთქი, გავგიჟდი. გავიხედე, უკან „სიდენიაზე“ ჩემი შლაპა დევს. როგორ, მანქანაც ჩემია და აგერ შლაპაც-მეთქი. შლაპა არ ვიცი, გადმოდი, ნომრები ნახეო.
გადმოვედი, შევხედე და სხვა ნომრებია, გული გამისკდა. წამიყვანეს ინსპექციაში, იყო ერთი ამბები. მერე გაირკვა, რომ პიპინაშვილმა შემიცვალა ნომრები. თან ინსპექცია გააფრთხილა, გააჩერეთ და აწრუწუნეთო. მთელი კვირა არ ველაპარაკებოდი გოგას, მერე დიდი პურმარილი იკისრა და ძლივს შემირიგა“.
ავტორი





































































