“ჩვენ ხელი მოვაწერეთ სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სამშვიდობო პროცესის ნაწილი იყო. ის ფაქტი, რომ შეთანხმებას აქ, ნომერ პირველ დედაქალაქში, ნომერ პირველ ოფისში, აშშ–ის დიდებული პრეზიდენტის თანდასწრებით ვაწერთ ხელს, ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ რომელიმე მხარე უკან დაიხევს,” – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთისა და აშშ–ის ლიდერებთან შეხვედრაზე.
“მე ან პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს რომ უკან დახევაზე გვეფიქრა, აქ არ ჩამოვიდოდით. დარწმუნებული იყავით, რომ ის, რაც აქ მოხდა, კავკასიაში მტკიცე და მარადიულ მშვიდობას მოიტანს,” – აღნიშნა ალიევმა.
“სრულად ვეთანხმები, დასამატებელი არაფერი მაქვს,” – განაცხადა, თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ტრამპმა ამაზე კომენტარი გააკეთა: “ეს იყო ლამაზი განცხადებები, ლამაზად გაფორმებული განცხადებები.”
დღეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას შეუწყობს ხელს. სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ დიპლომატიური ურთიერთობების განახლებასა და სამხედრო დაპირისპირების უვადოდ შეწყვეტაზე. ასევე, მათ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემის პირობა დადეს.
მიღწეულია შეთანხმება ზანგეზურის კორიდორზე თანამშრომლობის შესახებ, რომლის გახსნაც ბაქოს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. კორიდორის სომხურ ნაწილს “ტრამპის გზა” ეწოდება.





























































