ავტოსაგზაო შემთხვევას “ქართული ოცნების” ახალციხის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურა გელაშვილი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.
“ბორჯომში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ჩვენი გუნდის წევრის, ,,ქართული ოცნების” ახალციხის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზურა გელაშვილის სიცოცხლე შეიწირა.
ვიზიარებთ ამ უმძიმეს ტრაგედიას და ჩვენი ორგანიზაციის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებთ ზურას ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და ყველა მის თანამებრძოლს.
მისი სიკეთე, ერთგულება და შემართება სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ავარია ბორჯომის შესასვლელთან ღამე მოხდა. ერთმანეთს ტოიოტას მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ორი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.