ამ წუთებში ოზურგეთში სახალხო დღესასწაული „ალეგრობა 2025“ აღინიშნება. რამდენიმე წუთში დაიწყება საპატიო ოზურგეთელების დაჯილდოვების ცერემონია, მანამდე კი ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი მიმდინარეობს. პარალელურად, ჭადრების ბაღში ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იმართება.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი ასევე იმყოფებოდნენ ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავზე. ინფორმაციისთვის, დღეს ზაზა დამენიას დაბადების დღეა.
„გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება ოთხი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებსაც საპატიო ოზურგეთელის სახელი მიენიჭება. ესენი არიან: პედაგოგი თათული მგელაძე, მათემატიკოსი გია ხაჭაპურიძე, მსახიობი გიორგი დოლიძე, რეჟისორი და პროდიუსერი ელდარ მდინარაძე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი წელს, როგორც წინა წლებში ათ ადამიანს გადაეცემა აღნიშნული ტიტული.

ოზურგეთში “ალეგრობა” მე-19 საუკუნის ბოლოს დაწესდა და 1941 წლამდე იარსება.
წლების წინ, სახალხო დღესასწაული ადღგენაზე ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარმა მცველმა, მანანა ლომაძემ გვითხრა:
_ “ალეგრობა” ოზურგეთში ერთ დროს ფართოდ გავრცელებული საქველმოქმედო და სამხიარულო ღონისძიება იყო. ზუსტად არ ვიცით, როდის ჩატარდა პირველი “ალეგრობა”, მაგრამ სამამულო ომის დაწყებამ რომ შეაჩერა, ეს ნამდვილად ვიცით. მას შემდეგ გურულების ეს ლამაზი დღესასწაული დაიკარგა და დავიწყებას მიეცა.
საინტერესოა, რომ “ალეგრობაზე” მუშაობდა “მოძრავი ფოსტა”. როგორც მეუბნებიან (თვითმხილველი ქალბატონი დალი გოგუაძე) ამ “ფოსტის” დახმარებით ბევრი ლამაზი ოჯახი შეიქმნა ოზურგეთში _ “ალეგრობაზე” გაიცნეს ერთმანეთი ოზურგეთში ცნობილმა ექიმებმა გრიგოლ მახარაძემ და ციცო თიკანაძემ, ოზურგეთის თეატრის მაშინდელმა მსახიობმა გიგოლა თალაკვაძემ და ეთერ სვანიძემ.“
სახალხო დღესასწაული „ალეგრობა“ 2011 წელს აღადგინეს.



































































