“ბათუმელების” ინფორმაციით, სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება.
„შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე გადამუშავებულ ვარიანტში 113 მილიონ 300 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მესამე ვარიანტში მხოლოდ 21 მილიონ 600 ათასი ლარია გაწერილი.
„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული იყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ასიგნებები. აღნიშნულ ქვეპროგრამას მიმდინარე წელს შეუსრულდა 4-წლიანი ციკლი, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.
ამავდროულად, ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით და მის ბენეფიციარებს სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით ხელი შეეწყოს კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებით“ – წერს ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.































































