ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრი( სამხატვრო გალერეა) თავისი აქტივობითა და კრეატიული მიდგომით არსებობის დღიდან გამოირჩევა.
ამჯერად აქ გურული მხატვრების ტრადიციული საშემოდგომო გამოფენა გაიმართა.
მაინც რა სიახლით წარდგნენ გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან?

სახვითი ხელოვნების მოყვარულ საზოგოდოებას, ხელოვანი ლია ურუშაძე მიესალმა და თქვა, რომ ამჯერად 25 მხატვრის 70-მა ნამუშევარმა იხილა მზიანი სივრცე.
_აქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა ნამუშევრები, ფერწერა, დაზგური, გრაფიკა… საინტერესო პორტრეტები, პეიზაჟები, კომპოზიციები. ბედნიერებაა, რომ ამდენ ადამიანს რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობს მიეცა საშუალება საშემოდგომოდ გამოფინოს თავისი ნამუშევრები და შეხვდეს თანამოაზრეებს. ბედნიერებაა როცა ეს ყველაფერი ესთეტიურ და პროფესიულ დონეს აკმაყოფილებს,_ თქვა ქალბატონმა ლიამ.
მისივე თქმით, აქ არაერთი მხატვარი პირველად წარდგა.

გამოფენის ორგანიზატორი გურიის მხატვართა კავშირია, რომლის თავმჯდომარემ, მხატვარმა თამაზ დარჩიამ ამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ წელს საინტერესო, განსხვავებული საშემოდგომო გამოფენა შედგა.
_ ეს გამოფენა წლის ერთგვარი შეჯამებაა. აქ წარმოდგენილი მხატვრებიდან ზოგი პირველად მოვიდა გამოფენაზე თავისი ნამუშევრებით და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ყოველ წელს ჩვენი გამოფენა არის ახალ-ახალი ნამუშევრების წარმოდგენა გალერეაში. ყოველ წელს ახალი სახეები გვყავს და ეს გვახარებს. იზრდება ჩვენი კავშირი. ახალი სახეები იცნობენ ერთმანეთს, დგებიან ერთმანეთის გვერდით, იზრდება კულტურა…ამიტომ არის, რომ დღეს საინტერესო , განსხვვებული გამოფენის მოწმე გავხდით, _ თქვა თამაზ დარჩიამ.
ცნობილმა მხატვარმა ვახტანგ მამეშვილმა ისაუბრა ოზურგეთის სახვითი ცენტრის აქტუალურ სახელოვნებო ცხოვრებაზე.
_1992 წელს გაიხსნა ოზურგეთის სამხატვრო გალერეა და მას შემდეგ არ გაჩერებულა. იყო არეული წლები, მაგრამ ჩვენ არეულობაში ჩართული არ ვყოფილვართ. ვმუშაობდით, რომ ჩვენი მხატვრობა გადაგვერჩინა. ვაწყობდით გამოფენებს. ყველამ თავის კოშკს უნდა მიხედოს. ჩვენ გვაბარია გალერეა და უნდა მივხედოთ. შეიძლება შემოსულმა კულტურამ მოახდინოს გავლენა, თუმცა ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციაზე და შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ჩვენი ხელოვნება. ის, რომ სულ არის მოთხოვნა ახალ ნამუშევრებზე, ეს არის სასიხარულო და კარგი მუშაობის შედეგი, – თქვა მან.

სახვითი ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თავართქილაძემ შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, საკუთარი თვალსაზრისი, შეხედულებები, შთაბეჭდილებების წიგნში ჩაეწერათ.
_სახვითი ხელოვნება არ არის ხმაურიანი. უცებ ვერ დაათვალიერებთ ამ ყველაფერს. ამიტომ კიდევ უნდა მოხვიდეთ. ნახოთ , გვითხრათ, დაწეროთ, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, _ თქვა ბატონმა ავთომ.
დარბაზში მოსულმა ოზურგეთელმა, გურიის სხვა ქალაქების მცხოვრებლებმა დაათვალიერეს მზია კვინტრაძის, გია, საბა, თამაზ დარჩიების, ხათუნა ბებურიშვილის, დავით თავდიშვილის, ელენე დობორჯგინიძის, ლია მდინარაძის და სხვათა ფოტონამუშევრები.
_ყველა საუკეთესოა. განსაკუთრებით ეფერებიან მშობლიურ გურიას. ეს ბევრ ნახატში ჩანს, _ ისმოდა დამთვალიერებელთა შეფასებები.




































































