“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” განცხადებას ავრცელებს.
“ქარტია ეხმაურება „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
ონლაინ გამოცემა „პუბლიკა“ წერს, რომ გუშინ, 11 თებერვალს, სასტუმრო „პარაგრაფში“, ირანის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ირანის ისლამური რევილუციის გამარჯვების 47-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, უცნობმა პირებმა მის ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
ჟურნალისტი ადგილზე ღონისძიების და ირანელი აქტივისტი ქალის საპროტესტო პერფორმანსის გასაშუქებლად იმყოფებოდა. მისი თქმით, ჩოხაში ჩაცმულმა უცნობმა პირმა მას ტელეფონი წაართვა და გადაუგდო. უცნობმა პირებმა ჟურნალისტს გადაღებული მასალის წაშლა აიძულეს, ხოლო შემდგომ იმაში დასარწმუნებლად, რომ მან მასალა ნამდვილად წაშალა, უნებართვოდ დაათვალიერეს ჟურნალისტის პირადი ინფორმაცია, მათ შორის, მისი პირადი ფოტო- და ვიდეომასალები და მობილურის აპლიკაციები. ამავე პირებმა ჟურნალისტს გამოართვეს პრეს-ბარათი და პირადობა, და ფოტოები გადაუღეს მასაც და დოკუმენტებსაც.
„პუბლიკა“ ვარაუდობს, რომ ინციდენტს შეესწრნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სახელმწოფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. თუმცა იმის გამო, რომ ეს პირები სამოქალაქო ტანსაცმლით იყვნენ და კითხვებზე ბუნდოვან პასუხებს იძლეოდნენ, გამოცემამ იმის დადგენა, თუ კონკრეტულად რომელ სამსახურს წამოადგენდნენ ისინი, ვერ შეძლო.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ „პუბლიკის“ ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ამ ფაქტით და თავ-თავიანთი უწყებრივი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ზომები მიიღონ მსგავს სიტუაციებში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად”,_ აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.


































































