2026 წელი თოვლით დაიწყო – 2 იანვარს პირველი თოვლი მოვიდა. ნალექი თოვლის სახით იანვარში ისევ მოვიდა და არც ისე მიცერე რაოდენობით. ჯამში კი – იანვარ-თებერვალში მოსული თოვლის რაოდენობამ ყველანაირ დაშვებულ ნორმას გადააჭარბა. შემდეგ პერიოდში ნალექი უკვე წვიმის სახით გაძლიერდა.
რამ გამოიწვია ასეთი ჭარბი ნალექი, ამ თემაზე თამარ პაპაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტის ამინდის პროგნოზების და ადრეული გაფრთხილების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გვესაუბრება.
– ქალბატონო თამარ, მეხუთე თვე დაიწყო და უნალექო პერიოდი ნაკლებად გვახსოვს. სპეციალისტები როგორ ხსნით ნალექის ასეთ მოჭარბებას და რასთან გვაქვს საქმე?
ნამდვილად ასეა, თქვენი დაკვირვება სრულიად ზუსტია. იანვრიდან მოყოლებული, მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით, საქართველოში ძირითადად არამდგრადი ამინდები ნარჩუნდება. ხშირია ლოკალური ხასიათის, თუმცა ძლიერი წვიმები და ხანგრძლივი ნალექიანი პერიოდები. ეს ყველაფერი არაერთი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა უშუალოდ საქართველოზე ამჟამად ორი ძირითადი პროცესი მოქმედებს: ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ხშირი შემოჭრა და ხმელთაშუა ზღვის ციკლონების აქტივობა. სწორედ მათი გავლენა ქმნის ამ არამდგრად გარემოს. თუ გავიხსენებთ იანვარს, თბილისში უპრეცედენტო მოვლენა დაფიქსირდა – მართლაც გახანგრძლივებული თოვა, რომელიც 41 საათს გაგრძელდა. მსგავსი რამ ჩვენი მეტეოროლოგიური სადგურების ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში, ბოლო ათწლეულების მონაცემებით, არ გვქონია…
































































