ცოტა ხნის წინ, პარიზის სორბონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ჭიანჭველები კიბოს უჯრედების სუნის ამოცნობაში გაწვრთნა.
ჭიანჭველები თავიანთი კოოპერაციითა და ფარდობითი სიძლიერით არიან სახელგანთქმულები, თუმცა, როგორც ჩანს, ყნოსვაც არანაკლებ შესაშური აქვთ. ჯერ კიდევ 2012 წელს, ვანდერბილტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჭიანჭველებს აქვთ სუნის ოთხჯერ ან ხუთჯერ მეტი რეცეპტორი, მწერების უმეტესობასთან შედარებით. როგორც ირკვევა, ეს სოციალური მწერები თავიანთ ყნოსვას იყენებენ მჭიდროდ დასახლებულ კოლონიაში სხვა ინდივიდებთან კომუნიკაციისა და ერთმანეთის გარჩევისთვის.
ამ ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა ბიძგი მისცა სორბონის მკვლევართა ცნობისმოყვარეობას, გამოეცადათ ჭიანჭველები, როგორც კიბოს დეტექტორები. მეცნიერებმა პირველად გაწვრთნეს ათეული ჭიანჭველა „Formica fusca“-ს სახეობიდან, რომელიც, ჩვეულებრივ, გვხვდება მთელ ევროპაში. ამისათვის მათ კიბოს უჯრედებთან ახლოს მოათავსეს შაქრის ხსნარი. მას შემდეგ, როცა შაქრის ხსნარი ტესტიდან ამოიღეს, ჭიანჭველები კვლავ ეძებდნენ კიბოს უჯრედებს და მათ სუნს შაქარს უკავშირებდნენ.
შემდეგ მკვლევრებმა წარმატებით ჩაატარეს მსგავსი ტესტი კიბოს მქონე და ჯანმრთელი ადამიანის მკერდის უჯრედებზე. მოგვიანებით კი ჭიანჭველებს ასწავლეს, ერთმანეთისგან გაერჩიათ კიბოს უჯრედების ორი განსხვავებული ხაზი. ჭიანჭველები მაღალი სიზუსტით ახერხებდნენ სამიზნე კიბოს უჯრედების ამოცნობას მხოლოდ სამი ვარჯიშის შემდეგ.
იმის წარმოსაჩენად, თუ რამდენად კარგად შეასრულეს ჭიანჭველებმა დავალება, მკვლევრებმა ისინი შეადარეს ძაღლებს, რადგან ძაღლები სუნის გამოვლენისთვის ყველაზე ფართოდ გამოყენებული და შესწავლილი ცხოველები არიან.
თუმცა ძაღლები გაწვრთნილები არიან კიბოს ნიშნების აღმოსაჩენად სუნთქვასა და პლაზმის, შარდისა და ნერწყვის ნიმუშებზე დაკვირვებით. შეუძლიათ თუ არა ჭიანჭველებს ამ დონის გარჩევადობის მიღწევა, საკამათო საკითხია, მაგრამ სორბონის გუნდი სწორედ ამის გარკვევას აპირებს.
მკვლევრებს ისიც აინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა ჭიანჭველების გამოყენება ისეთ სიტუაციებში, როგორებშიც მეძებარ ძაღლებს იყენებენ.
ამდენად, კვლევის განვითარებასთან ერთად, მალე, შესაძლოა, კონკრეტულ სიტუაციებში, ნივთიერებების ამოცნობის საკითხში, ძაღლებს ჭიანჭველებიც შეუერთდნენ.





































































