ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ გავრცელებულმა კადრებმა, სადაც, სავარაუდოდ, პოლიციელების მიერ მოქალაქეების წამება და არაადამიანური მოპყრობაა ასახული, საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. კადრების გასაჯაროების შემდეგ, მოქალაქეები პროტესტის ნიშნად თბილისში, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცავები მოქალაქეების წამების კადრებს საერთო ჩატში უზიარებდნენ ერთმანეთს. „TV პირველის“ ცნობით,
დაკავებულის დედის განცხადებით, პოლიციელები მოქალაქეებს აშიშვლებენ და სხეულზე სიგარეტს აწვავენ.
ტელეკომპანია ამტკიცებს, რომ პოლიცია ჩვენებებს სწორედ ამგვარი ძალადობრივი მეთოდებით მოიპოვებს და შეუძლებელია, ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელობას არ სცოდნოდა.
ტელეკომპანიის მტკიცებით, სამართალდამცავებმა დააკავეს ის პირი, რომელმაც პოლიციელების „ჩათი“ გატეხა და სისტემის მხილების მიზნით ვიდეომასალა მოიპოვა.
კადრების გავრცელების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება ინფორმაციას არ მალავს და აღნიშნულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება უკვე განხორციელებულია.
უწყების განმარტებით: ინციდენტი 2022 წლის ზაფხულში, ქობულეთში მოხდა, მასში კი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამი თანამშრომელი მონაწილეობდა.
დანაშაული შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის თებერვალში გამოავლინა. მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შედეგად, 2026 წლის 23 თებერვალს, სამივე პოლიციელი ბრალდებულის სახით დააკავეს.
შსს „TV პირველს“ მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ჟურნალისტებისთვის ცნობილი იყო დაკავებების შესახებ, თუმცა მათ ეს ფაქტი გადაცემის ანონსში „შეგნებულად არ ჩასვეს“.




































































