ნიჭისა და ნიჭიერების ნამდვილი ზეიმი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე _ სკოლა თავის მეცხრე და მეათე კლასელებს ერთდროულად დაემშვიდობა.

სამშობლოს, მშობლიური ენის, ერთმანეთის სიყვარული, მასწავლებლებისადმი პატივისცემა, ურთიერთთანამშრომლობა და თანადგომა ლაიტმოტივად გასდევდა მთელ ღონისძიებას.

მხატვრულად წაკითხული ლექსები, მათ მიერვე მომზადებული სიმღერები და სკეტჩები, ხალხური თუ თანამედროვე ცეკვები ერთნაირად საინტერესო იყო ბავშვებისა თუ უფროსი თაობის მაყურებლისთვის.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სიყვარულისა და მადლიერების ნიშნად ვარდები მიართვეს ყველა მასწავლებელს.
იყო ზღვა ემოციები, დამშვიდობებით გამოწვეული სევდა და ცრემლი… და მაინც უსაზღვრო სიხარული სხვა, ახალი, უფრო ფართო ცხოვრების დასაწყისის მოლოდინის…

ჩვენი ახალგაზრდული გვერდი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს და საინტერესო, შინაარსიან ცხოვრებას უსურვებს მათ!
ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო!










































































