დღეს, მთელ ქვეყანაში, და მათ შორის ოზურგეთში ეროვნული გამოცდები დაიწყო. 24 საგამოცდო ცენტრიდან, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ოზურგეთის საგამოცდო ცენტრია.
აქ დილიდან თავი მოიყარეს აბიტურიენტებმა მშობლებთან და გულშემატკივრებთან ერთად.
„განწყობა, საუკეთესო, არანაირი ექსცესი. ახალგაზრდები სიხარულით შევიდნენ გამოცდებზე“ _ ასე საუბრობდნენ ირგვლივ.
მშობლებს გაცილებით მეტი ვნებათაღელვა ეტყობოდათ, თუმცა როგორც თავად ამბობდნენ, ეს სიხარულის ემოციები უფრო იყო:
მაკა ჩახნაშვილი, მშობელი: „ჩემი შვილი, ნინო სალუქვაძე, წელს აბარებს გამოცდებს. უკვე მეორედ ვარ აბიტურიენტის დედა, უფროსი შვილი სტუდენტია. ნინომ ჰუმანიტარული ფაკულტეტი შეარჩია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს ჩარიცხვა. ძალიან გვიხარია, რომ წელს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი გაზრდილია. ჩემი გოგონა იმედოვნებს, რომ მოხვდება სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვნახოთ“.
რუსო დიდმანიძე, მშობელი: „მე პირველად ვარ აბიტურიენტის დედა და კი ვღელავ, სიმართლე რომ ვთქვა, თუმცა არა შიშით — ეს უფრო სიხარულის ემოციაა. ჩემი ვაჟი, საბა ჩაჩუა, ამერიკაში სწავლობდა, სადაც ერთ-ერთი პროგრამით იყო გაგზავნილი. მერე ჩამოვიდა და, აი, დღეს ეროვნულ გამოცდებზეა. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება“.
სიხარული გამოხატეს სხვა მშობლებმაც: ლანა კალანდაძემ, ნოე წერეთელმა, თინათინ ჩხარტიშვილმა და სხვებმა. „რაც მთავარია, ყველაფერი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არანაირ ექსცესს ადგილი არ აქვს“, — აღნიშნეს მათ.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლალი სიჭინავამ „გურია ნიუსთან“ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ წელს სიახლეა: თუ წინა წლებში საგამოცდო ცენტრი მეორე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებდა, ახლა ის მესამე საჯარო სკოლაშია გადმოტანილი.
„2026 წელს 552 კურსდამთავრებული გვყავს, ეროვნულ გამოცდებზე კი 355-ია რეგისტრირებული. საგამოცდო ცენტრი წელს მესამე საჯარო სკოლაშია, სადაც ინფრასტრუქტურა სრულად გამართულია, ყველაფერი მოწესრიგებულია და უაღრესად კომფორტული, უსაფრთხო და სანდო გარემოა შექმნილი. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა. ვფიქრობ, ასეც იქნება და საუკეთესო შედეგი დაფიქსირდება. კიდევ ერთხელ სიმშვიდეს, წინსვლასა და გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს საუკეთესო მომავალს“, — განაცხადა ლალი სიჭინავამ.


ავტორი





































































