ახალი კვლევის თანახმად, სიგარეტისთვის თავის დანებება, თუნდაც 75 წლის ასაკში, სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის. ეს კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა გვიანი არასდროს არის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის (U-M) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერები აცხადებენ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად სიგარეტისთვის თავის დანებება ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ამაზე მეტყველებს ბოლო კვლევაც.
კვლევები აჩვენებს, რომ თუ დღეში 30 ღერ სიგარეტს ვეწევით, ამით უახლოეს 25 წელიწადში სიკვდილის რისკს 21%-ით ვზრდით.
თუმცა, მხოლოდ ეს არ არის. ბოლო კვლევის თანახმად, მოწევისთვის თავის დანებება ნებისმიერ ასაკში შეიძლება და ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობაზე მალევე ისახება.
მკვლევრების შეფასებით, 35-იდან 75 წლამდე ასაკის ადამიანებში სიგარეტისთვის თავის დანებება მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.
აღმოჩნდა, რომ თუ თქვენ სიგარეტის მოწევას 35 წლის ასაკში შეწყვეტთ, შანსი გეძლევათ საშუალოდ 8 წლით უფრო დიდხანს იცოცხლოთ.
დასკვნები თანხვედრაშია კანადისა და ნორვეგიის მკვლევრების წინა შედეგებთან. თუმცა, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეფექტი მნიშვნელოვანია ხანდაზმულების შემთხვევაშიც. მეტიც, ასეთ შემთხვევაში თქვენი სიცოცხლე შეიძლება 4 წლითაც გახანგრძლივდეს.
ცხადია, ყველაზე მეტი სარგებელი მაშინ არის, როდესაც სიგარეტს შედარებით პატარა ასაკში ანებებთ თავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხანდაზმულ ასაკში მოწევის შეწყვეტას აზრი არ აქვს.






































































