14 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცება და თანამდებობის პირთა ხელფასების განსაზღვრა იყო.

როგორც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გენო მორჩილაძემ განმარტა, რეორგანიზაციის შედეგად მერიის 103 საშტატო ერთეულიდან 95 დარჩება. ცვლილებები საკამათო აღმოჩნდა: შემცირებები შეეხო ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორებიცაა სოციალური და ინფრასტრუქტურული სამსახურები, მაშინ როცა მატერიალურ-ტექნიკური სამსახური გაძლიერდა. კერძოდ, ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურში ოპტიმიზაციის ფარგლებში ექვსი შტატიდან სამი გაუქმდა.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა გამოთქვეს ეჭვი იმის შესახებ, თუ რატომ გახდა ტექნიკური სამსახურის გაძლიერება პრიორიტეტული სოციალური მიმართულებების ხარჯზე. გენო მორჩილაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება დოკუმენტბრუნვის პროცესის ოპტიმიზაციით არის განპირობებული, რაც სამსახურებს დატვირთვას შეუმსუბუქებს.
დეპუტატების ნაწილმა აღიარა, რომ რეორგანიზაცია რისკებს შეიცავს. საკრებულოს წევრმა ეროდი გორდელაძემ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას აიღებს შემცირებულ კადრებზე. თავის მხრივ, იურიდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გელა ჩავლეშვილმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება რისკებთან არის დაკავშირებული.
სხდომის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, დაზარალებული თანამშრომლების ბედთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისმგებლობა მერიას დააკისრა: „ჩვენ ჩვენი საქმე პირნათლად შევასრულეთ. დანარჩენი იქით ჰკითხეთ“.
ახალი საშტატო ნუსხით ოზურგეთის მერია აგვისტოდან დაიწყებს მუშაობას. როგორც ჩანს, რეორგანიზაციის პროცესი მუნიციპალიტეტში კვლავ კითხვებს ბადებს. თემის შესახებ ვრცელ მასალას მალე შემოგთავაზებთ.
ავტორი

































































