ადამიანის უფლებაა, ჰქონდეს საკმარისი რაოდენობის, უწყვეტი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყალი. მიუხედავად ამისა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში წყალმომარაგება დღემდე ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად რჩება.
ასეთია სოფელ გულიანის შემთხვევა _ სოფელში წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად სამუშაოები ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. პრობლემის გადასაჭრელად ასიათასობით ლარი დაიხარჯა, მოსახლეობამდე წყლის მილები მიიყვანეს და მრიცხველებიც დაამონტაჟეს, თუმცა, არაერთი დაპირების მიუხედავად, გულიანის მოსახლეობას წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.
სოფელში არსებული პრობლემა სხვადასხვა დროს არაერთხელ გაჟღერდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზეც.
“ასობით ათასი ლარი გამოიყო სოფელ გულიანში წყლის სისტემის მოსაწყობად. მილები ტყუილადაა დაყრილი, სოფელს წყალი არ აქვს. სუფსაში, ე.წ. უნაგირას უბანშიც შესაბამისი პროექტი გახორციელდა და პრობლემა უნდა მოგვარებულიყო, თუმცა მოსახლეობას წყალი მაინც არ მიეწოდება. რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?” _ ეს კითხვა საკრებულოს სხდომებზე არაერთხელ დაისვა.
2019-2020 წლებში წყალმომარაგების პროექტის განსახორციელებლად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტის მიხედვით, წყლის პრობლემა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში უნდა მოგვარებულიყო.
თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ მათგან ორი _ გულიანი და სუფსის ე.წ. უნაგირას უბანი _ კვლავ წყლის გარეშე დარჩა. ჭაბურღილებიდან წყლის ამოღება ვერ მოხერხდა და პროექტი სრულად ვერ ამოქმედდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებდნენ, რომ შექმნილი ვითარება შემსრულებელ კომპანიასთან სამართლებრივი დავის საგანი გახდა.
ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა საკითხზე 2021 წელს, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ისაუბრა.:
“ყველაზე რთული საკითხი წყლის თემაა. მშენებლობა 2020 წელს დასრულდა, მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და ხუთ სოფელში უნდა მოგვარებულიყო პრობლემა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სოფელი გულიანი და სუფსა წყლის გარეშე დარჩა.
კომპანიას, რომელთანაც ხელშეკრულება იყო გაფორმებული, მივმართეთ, რადგან წყალი ვერ მივიღეთ. მუნიციპალიტეტი იძულებული გახდა, საკითხი შესასწავლად პროკურატურისთვის გადაეგზავნა. ამ დღეებში შესაბამისი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული და საკითხის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს“, _ განმარტავდა ალექსანდრე სარიშვილი 2021 წელს.
გულიანსა და სუფსაში არსებული პრობლემა მომდევნო წელსაც მოუგვარებელი იყო.
2022 წელს გამართულ საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ალექსანდრე სარიშვილმა თქვა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ღონისძიებები ხორციელდებოდა და მუნიციპალიტეტი შემსრულებელ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
“სამწუხაროდ, ეს პრობლემა გვაქვს ორ სოფელში, სადაც ჭაბურღილებიდან წყლის ამოღება ვერ მოხერხდა. ბუნებრივია, პროექტიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია. შესაბამისად, თანხები არავისთვის გადაგვირიცხავს.
მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება შემსრულებელთან და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში პრობლემის მოსაგვარებლად რეალური სამუშაოები დაიწყება“, _ განმარტა მაშინ ლანჩხუთის მერმა.
მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, სოფელ გულიანში წყალმომარაგების პრობლემა კვლავ გადაუჭრელი დარჩა.
მოგვიანებით, ადგილობრივ ხელისუფლებაში შეიმუშავეს გეგმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების დასრულებისთვის საჭირო თანხა ხელმეორედ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უნდა გამოყოფილიყო.
2024 წლის თებერვალში “გურია ნიუსთან” საუბრისას მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ალეკო კირვალიძე ამბობდა, რომ შემსრულებელ კომპანიასთან სასამართლო დავა მიმდინარეობდა, პარალელურად კი, პროექტის ღირებულების ხელახალი შეფასება ხდებოდა.
“შემსრულებელ კომპანიასთან დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ამავდროულად, მიმდინარეობს პროექტის გადაფასება, რათა დადგინდეს, რა თანხა იქნება საჭირო სამუშაოების ადგილობრივი სახსრებით ხელახლა გასახორციელებლად.
დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რათა გაირკვეს, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება. ამის შესაბამისად, გადაფასებულ პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს. ზუსტად რა თანხა იქნება საჭირო, ჯერ ცნობილი არ არის.
გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რომ სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდეს, თუ სასამართლო დავის შედეგად სხვა გარემოებები არ გამოიკვეთება“, _ თქვა კირვალიძემ.
ამავე საკითხზე სასაუბროდ “გურია ნიუსი” ალეკო კირვალიძეს 2024 წლის ივლისის ბოლოსაც დაუკავშირდა.
მაშინ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა და მუნიციპალიტეტი ახალი სატენდერო პროცედურისთვის ემზადებოდა.
“ერთხელ უკვე გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომელიც ჩავარდა. ამ ეტაპზე პროექტში შესწორებების შეტანა და ხელახალი ტენდერისთვის მზადება მიმდინარეობს“, _ გვითხრა ალეკო კირვალიძემ 2024 წლის ივლისში.
თუმცა, ამ განცხადებიდან ორი წლის შემდეგაც სოფელ გულიანის მოსახლეობისთვის არაფერი შეცვლილა.
ახლა უკვე 2026 წლის აგვისტოა. წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის დაწყებიდან შვიდი წელი გავიდა, თუმცა, არაერთი დაპირებისა და განცხადების მიუხედავად, გულიანში წყლის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
სოფელში მილები გაყვანილია, მრიცხველები დამონტაჟებულია, პროექტისთვის მნიშვნელოვანი თანხა დაიხარჯა, მაგრამ მოსახლეობას წყალი მაინც არ მიეწოდება.
არსებული მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მისაღებად “გურია ნიუსი” კვლავ დაუკავშირდა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელ ალეკო კირვალიძეს.
“შვებულებაში ვარ და ზუსტ პასუხს მერის მოადგილე თორნიკე ტიკაძე გაგცემთ“, _ გვითხრა მან და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მერის მოადგილესთან გადაგვამისამართა.
“გურია ნიუსი” ლანჩხუთის მერის მოადგილეს, თორნიკე ტიკაძესაც დაუკავშირდა.
მისგან მიღებული ინფორმაციით, წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტსა და შემსრულებელ კომპანიას შორის სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
თორნიკე ტიკაძის განცხადებით, განიხილება შესაძლებლობა, რომ სოფელ გულიანში წყალმომარაგება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უზრუნველყოს.
მისივე თქმით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ სოფელ გულიანის წყალმომარაგებაც კომპანიის სამომავლო პროექტს შეუერთდეს.
თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, როდის დასრულდება მოლაპარაკებები, შევა თუ არა გულიანი საბოლოოდ აღნიშნულ პროექტში და კონკრეტულად როდის მიიღებს სოფლის მოსახლეობა წყალს.
2019 წლიდან დღემდე გულიანის მცხოვრებლებს არაერთხელ უთხრეს, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, დაიწყებოდა რეალური სამუშაოები, გამოცხადდებოდა ახალი ტენდერი ან პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდა.
შვიდწლიანი მოლოდინის შემდეგ კი სოფლის მოსახლეობის მთავარი კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება _ როდის ექნება გულიანს წყალი?

































































