საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 11 აგვისტოს ხელმოწერილი დადგენილებით, დამტკიცდა „სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“.
დადგენილებით განსაზღვრულია როგორც სახელმძღვანელოების გადაცემაზე პასუხისმგებელი ორგანო, ისე იმ ბენეფიციართა კატეგორიები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებენ.
პროგრამის ფარგლებში სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ:
- საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს — სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნებისა და კლასების მიხედვით;
- კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ყოველი წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით 70 001 ქულაზე ნაკლებია;
- ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს — სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნებისა და კლასების მიხედვით;
- ოკუპირებული გალის რაიონის ენგურსმოსაზღვრე 9 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ასევე ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი სკოლების I კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს — სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნებისა და კლასების მიხედვით;
- ოკუპირებული გალის რაიონის შესაბამისი სკოლების II–XI კლასების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს — ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოებს;
- კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს — მხოლოდ „დედაენის“ სახელმძღვანელოს;
- კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები არიან;
- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს — მოთხოვნის შესაბამისად.
დადგენილების მიხედვით, პროგრამის ბენეფიციართა იდენტიფიცირებისა და საჭირო სახელმძღვანელოების რაოდენობის განსაზღვრის წესი ასევე დოკუმენტით არის გაწერილი.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 11 აგვისტოს მოაწერა ხელი.

































































