ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, პროექტის ჩაბარების ვადა კი რამდენჯერმე გადავადდა.
თავდაპირველად სამუშაოების დასრულება 2026 წლის მაისში იგეგმებოდა, მოგვიანებით ივნისამდე გადაიწია, ბოლო პირობით კი ხიდი ივლისის ბოლოს უნდა გახსნილიყო. სამუშაოთა მწარმოებელი ზვიად ვარდოსანიძე პროცესის გაჭიანურებას უამინდობასა და მდინარის ადიდებას უკავშირებდა.
„სამშენებლო სამუშაოების დროს არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორები იყო. რამდენიმე დღის წინ ადიდებული იყო მდინარე, ასევე ხშირად არის უხვი ნალექი, რაც ხელს გვიშლის სამუშაოების დასრულებაში“ – ეს კომენტარი სამუშაოთა მწარმოებელს (პრარაბი) ზვიად ვარდოსანიძეს ეკუთვნის, რომელიც „გურია ნიუსმა“ თვეების წინ ჩაწერა.
ამ ეტაპზე ადგილზე მშენებლობა ისევ მიმდინარეობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, თაზო ჩავლეშვილის თქმით, ახალი ვადით პროექტი სექტემბერში უნდა დასრულდეს.
„ამ საკითხზე გზების დეპარტამენტსა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს ვესაუბრე. მათგან მიღებული ინფორმაციით, სამუშაოები წელს, სექტემბერში დასრულდება. პროექტის დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და პროცესი ფინალურ ეტაპზეა“, — განაცხადა თაზო ჩავლეშვილმა.
სოფელ მერიაში ხიდის მშენებლობის სამუშაოებს შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ ახორციელებს.
ეს ვიდეო გადაღებულია 2026 წლის ივნისის თვეში.


































































