გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის ნაკადის მკვეთრი მატება გამოიწვია. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დაბა ნარუჯის წყალმომარაგების სისტემას.
„ძლიერმა ნაკადმა სატუმბი სადგურის საძირკველი გამორეცხა, რის შედეგადაც ობიექტი ნაწილობრივ წყლით დაიფარა და მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია შეუძლებელი გახდა. ამასთან, დაზიანებულია სადგურის შემსვლელი და გამსვლელი მილსადენები, რაც სისტემაში წყლის მიღებასა და ქსელში მიწოდებას აფერხებს“, — აცხადებენ კომპანიაში.
დაზიანების მასშტაბიდან და რთული ჰიდროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს: წყლის დონის შემცირებასა და ობიექტთან უსაფრთხო მისასვლელის უზრუნველყოფას, ტერიტორიის გაწმენდას, სატუმბი სადგურისა და მილსადენების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, დაზიანებული მონაკვეთების აღდგენასა და სისტემის ეტაპობრივ გამოცდას.
ადგილზე მობილიზებულია წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მათი შესრულების ტემპი მდინარეში წყლის დონესა და მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული.
შექმნილი ვითარების გამო, წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს დაბა ნარუჯის მოსახლეობას. ცენტრალიზებული ქსელის სრულ აღდგენამდე ადგილობრივებს სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდებათ.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისა და წყალმომარაგების აღდგენის სავარაუდო ვადის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია დამატებით ეცნობება.

































































