ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში სერიოზული პრობლემები შექმნა. ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სტიქიის დროს მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფო სტრუქტურებს ეკისრება, თუმცა მნიშვნელოვანია მოქალაქეების პასუხისმგებლობაც.

„ჩვენი მდინარეები მთისაა, ღვარცოფებითა და მოვარდნებით ხასიათდება, რის გამოც აუცილებელია დამბებისა და დამცავი ჯებირების მოწყობა. უხვი ნალექის დროს ქალაქის ქუჩები თუ სოფლები იმის გამო იტბორება, რომ სანიაღვრე ქსელი საერთოდ არ არსებობს ან გაუმართავია.
რაც შეეხება მოქალაქეთა პასუხისმგებლობას — მდინარის ჭალაში შენობა-ნაგებობები არ უნდა ააგონ. ჭალა მდინარისაა, ხოლო სადაც სახლები უკვე აშენებულია, მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას დამბების მოწყობა უნდა მოსთხოვოს. გარდა ამისა, ყველამ უნდა გაწმინდოს საკუთარი ეზოს წინ არსებული არხები, რომლებიც ნაგვითაა გაჭედილი.
გლობალური დათბობა ბევრ კატაკლიზმს მოიტანს. აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება სტიქიამდე და არა მხოლოდ შედეგებზე ვიშვიში. სტიქიას ვერ შევაჩერებთ, თუმცა გონივრული ქმედებებით რისკების შემცირება შეგვიძლია. სტიქიის დროს ყველა ღელე მდინარედ იქცევა. ქალაქებსა და სოფლებში ეს ღელეები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა სავსე, წყალმოვარდნისას ხიდების ქვეშ იჭედება და წყალი ქუჩებში გადმოდის“, — აცხადებს ირმა გორდელაძე.

































































