საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში ცვლილებები განათლების მინისტრის ბრძანებით შევიდა. ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც სურთ საჯარო სკოლის დირექტორობა.
აგრეთვე, განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საქმიანობას დირექტორობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროცესში.
ამასთან, კონკურსზე რეგისტრაციისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადებს და პირობებს განსაზღვრავს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.
რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში ცენტრი აქვეყნებს მონაცემებს თითოეული საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობის შესახებ. ცენტრის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გამოქვეყნებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში დირექტორობის კანდიდატს უფლება აქვს შეცვალოს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საჯარო სკოლების დასახელება.
დირექტორობის კანდიდატს უფლება აქვს ტესტირებასთან (ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან) დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან ცენტრში ტესტირების შედეგების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.






























































