ყალბი რეცეპტის გაცემაში ბრალდებულ ექიმ მაია კოხტაშვილს სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ამ თემას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი კახა კახიშვილი ეხმაურება.
„კანონი კანონია და მისი დაცვა ყველას გვევალება, მათ შორის ექიმსაც. თუ კანონი დაირღვა, ამას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყვეს. მაგრამ ჩემთვის მეორე საკითხიც არანაკლებ მნიშვნელოვანია _ რამდენად სწორია, როდესაც ადამიანს სპეციალურად აგზავნი ექიმთან, ის უყვება მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფზე, სთხოვს დახმარებას და შემდეგ ექიმის სურვილი, დაეხმაროს პაციენტს, მისი სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი ხდება.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო. თუ შესაბამის ორგანოებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ექიმი ამას სისტემატურად აკეთებდა ან მანამდეც არღვევდა კანონს, მაშინ სწორედ ეს უნდა შეესწავლათ, დაკვირვებოდნენ მის საქმიანობას, მოეპოვებინათ შესაბამისი მტკიცებულებები და საქმე რეალურ ფაქტებზე აეგოთ.
რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს იმასაც, კონკრეტულად რა პრეპარატზეა საუბარი, რა რაოდენობა გამოიწერა და რა გარემოებებში მოხდა ეს ყველაფერი. ეს ძალიან რთული და ფაქიზი საკითხია. ერთი მხრივ, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა ებრძოლოს ნარკომანიას და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ნარკოდილერი და ადამიანი, რომელსაც ნარკოტიკებთან არანაირი კავშირი არ აქვს და წამალს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახლობლისთვის, ტკივილის შესამსუბუქებლად ან სხვა რეალური საჭიროების გამო ეძებს.
კანონის დაცვა აუცილებელია, მაგრამ დარღვევასთან ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ. თუ დარღვევა რეალურად და სისტემატურად ხდება, ის უნდა გამოავლინო და დაამტკიცო, მაგრამ ხელოვნურად არ უნდა შექმნა ისეთი სიტუაცია, რომელიც საბოლოოდ თავად ხდება ადამიანის დასჯის საფუძველი.
იმედი მაქვს, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას საქმის ყველა გარემოება სრულად გაირკვევა და ამ კითხვებსაც გაეცემა პასუხი“, _ წერს კახა კახიშვილი.



































































