ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა, რომელიც წლებია ალტერნატიულ ფართში აგრძელებს მოსწავლეთა მიღებას, განცხადებას ავრცელებს.
“ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო!
მოგესალმებით ყველას, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
მართალია, სწავლას ისევ დროებით სივრცეში ვაგრძელებთ, მაგრამ, როგორც იცით, დეკემბერში იწყება ჩვენი სკოლის მშენებლობა. ეს ნიშნავს, რომ სულ მალე გვექნება თანამედროვე, ულამაზესი და ევროპული სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცე, სადაც დაბრუნებაც თითოეული ჩვენგანისთვის დიდი დღესასწაული იქნება.
ალტერნატიულ შენობაში ყოფნა, გარკვეულწილად, გამოწვევაა და მოითხოვს ჩვენგან მეტ მოთმინებას, ორგანიზებულობასა და ერთმანეთის მხარდაჭერას. თუმცა, უნდა გვახსოვდეს მთავარი: სკოლა მხოლოდ შენობა არ არის. სკოლა ვართ ჩვენ _ ჩვენი ურთიერთობები, ცოდნისკენ სწრაფვა, თანამშრომლობა და ის გარემო, რომელსაც ერთად ვქმნით.
• ძვირფასო მშობლებო, თქვენი თანადგომა და ნდობა ახლა ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მადლობას გიხდით გაგებისთვის. გვჯერა, რომ თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამ გარდამავალ პერიოდს საინტერესოდ და წარმატებით გავივლით. მადლობა ახალ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რომ მიუხედავად ზემოთთქმულისა, არჩევანი მაინც ჩვენზე შეაჩერეს.
• საყვარელო მოსწავლეებო, ყველა სიძნელე- დროებითია, ხოლო ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წელს მიიღებთ _ სამუდამო. მოდით, ეს სასწავლო წელი ვაქციოთ ახალი შესაძლებლობების, მიღწევებისა და დიდი მოლოდინის წლად!
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
გისურვებთ წარმატებულ, პროდუქტიულ და ემოციებით სავსე ახალ სასწავლო წელს! _ წერია სკოლის ფეისბუქგვერდზე.






























































