სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის აპრილში 6 წლის ვადით დაამტკიცეს, პოსტი დატოვა. გელაძის განცხადებით, გადაწყვეტილება “პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების” შედეგად მიიღო.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა. მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ–მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის“, _ აღნიშნულია გელა გელაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების გავრცელებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ სუს-ის უფროსად დანიშვნამდე მას სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. სუს-ის უფროსად კი თამაზ ბორაშვილი დაინიშნა.
საკადრო ცვლილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, გელაძე “გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი და პროფესიონალია“, რომელმაც დიდ წარმატებებს მიაღწია დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში, ხოლო ახალ პოსტზე შსს-ს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
მმართველ გუნდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას დადებითად აფასებენ. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელის, ბორაშვილის კანდიდატურა ოპტიმალური არჩევანია:
“ბორაშვილის სახით საუკეთესო კადრია შერჩეული. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ კადრი შეირჩა არა გარედან, არამედ შიგნიდან, მის საქმიანობას შედეგი ექნება. ვერ ვიტყოდი, რომ ახალი ხელმძღვანელი მოსულია გარედან _ დიდი ხნის განმავლობაში თვითონაც ხელმძღვანელ პოზიციაზე იყო“, _ აღნიშნა ვოლსკიმ.
ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებულ საკადრო როტაციასა და სუს-ის საქმიანობას ოპოზიციის წარმომადგენლები მკვეთრად აკრიტიკებენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, მიმდინარე საკადრო ცვლილებები მმართველ გუნდში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და ფინანსურ ინტერესებს უკავშირდება:
“დღევანდელი საკადრო წრე უკავშირდება მამუკა მდინარაძეს. მდინარაძის კადრი იყო გეკა გელაძე. “ნაცებში” რომ გელა იყო და “ქოცებში” გეკა გახდა“, _ ამის შესახებ ლაშა ფარულავამ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “რეზიუმე”.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, 500 დღის განმავლობაში სუს-ის ოთხი უფროსის შეცვლა იმის დადასტურებაა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების სისტემა არ მუშაობს.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ესაუბრა.
რამდენად ლოგიკურია უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გადაყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც მანამდე მინისტრის პოსტი ეჭირა? ამ კითხვით “გურია ნიუსმა” “ძლიერი საქართველო-ლელოს” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გოჩა ჯანაშიას მიმართა:
“თავად ფაქტი, რომ უშიშროებაში ამდენი კადრის ცვლილებაა, საკმაოდ საგანგაშოა. ვერ ამიხსნია, რატომ ხდება ასე და რა კრიტერიუმებით ნიშნავენ ან ათავისუფლებენ ადამიანებს. ახლა დააბრუნეს იმ სისტემაში, საიდანაც მოდიოდა. წარდგინებით ეს დაქვეითებაა, თუმცა უმუშევრად არ დატოვეს“, _ თქვა ჯანაშიამ.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს გელაძის მუშაობას, ჯანაშიამ აღნიშნა:
“სუს–ს მთავარ მიზნად აქვს, შიდაპოლიტიკურ მიმართულებებს მიხედოს და უთვალთვალოს პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ მოვლენებს. მთავარი რაც არის _ გარედან მომავალი საფრთხეების შეფასება და ანალიზი _ ამას ნაკლებად ვხედავდი. ეტყობა, პროცესებში დაინახეს რაღაც, რაც ქვეყნის მმართველისთვის მიუღებელი იყო.”
თემასთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” საუბრისას საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პარტია “გახარია საქართველოსთვის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერმა, რომან კალანდაძემაც:
“ბოლო ერთ წელიწადში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოთხი უფროსის შეცვლა ნიშნავს, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი მიმართულებით და ეს არასტაბილურობის ნიშანია. ეს არ არის მერი ან მერის წარმომადგენელი, რომ ასე ხშირად იცვლებოდეს“, _ აღნიშნა კალანდაძემ.
პარტია “ახალის” ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერი, ბაჩო ახალაძე კი გახორციელებულ ცვლილებას ასე აფასებს:
_ გეკა გელაძე სუს-ის უფროსობიდან წავიდა და იმავე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო, ალბათ, თავად გელაძე კი არა, სისტემის ლოგიკაა. ოლიგარქიულ მმართველობაში ადამიანს დიდად არც ეკითხებიან , სად უნდა წავიდეს, სად უნდა იმუშაოს და რომელი თანამდებობა უნდა დაიკავოს. გადაწყვეტილება “ზემოთ” მიიღება. დღეს სუს-ის უფროსი ხარ, ხვალ ,შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ზეგ, თუ საჭირო გახდა, სხვა თანამდებობაზე გადაგიყვანენ. ინდივიდის ფუნქცია ამ პროცესში მხოლოდ ერთია , შეასრულოს გადაწყვეტილება. ამიტომაც ნუ შევხედავთ ამას მხოლოდ როგორც „გეკა გელაძის საკადრო გადაადგილებას“. ეს არის იმ მმართველობითი სისტემის კიდევ ერთი ილუსტრაცია, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელ ადამიანებსა და პროფესიულ გადაწყვეტილებებზე კი არა, ერთი პოლიტიკური ცენტრიდან მიღებულ ნებაზეა დამოკიდებული. აქ არც კარიერული კონკურსია მთავარი, არც ინსტიტუციური ლოგიკა და არც საზოგადოებრივი ინტერესი. მთავარია, რას გადაწყვეტს ზემდგომი. და როცა ქვეყანაში ძალოვანი უწყებების უმაღლესი თანამდებობებიც კი ერთი პოლიტიკური ვერტიკალის ფარგლებში ასე მარტივად გადაადგილდება, კითხვა უკვე გეკას კი არა, ხელისუფლებას უნდა დავუსვათ: სად არის სახელმწიფო ინსტიტუტი და სად არის ოლიგარქის პირადი პოლიტიკური მმართველობის სისტემა? რადგან ოლიგარქიულ სისტემაში კადრებს არ ეკითხებიან, სად უნდათ ყოფნა. კადრებს უბრალოდ ეუბნებიან, სად არიან საჭირო.
ავტორი































































