დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. შესაბამისად, საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან.
განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს”,_ წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოწამლული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ კლინიკები ბავშვების განთავსების სანაცვლოდ გადასახადის 20%-ს ითხოვდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. საგამოძიებო სამსახურმა ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გარდა ამისა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს მუშაობას.

































































