სანამ ცენტრალური ხელისუფლება მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს, სოფლის მეურნეობა ვარდნას განიცდის _ საქსტატის 2026 წლის II კვარტლის ოფიციალური მონაცემებით, აგრარულ სექტორში 3.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ეს მაშინ, როდესაც, რეგიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედ მიწათმოქმედებასა და მცირე მეურნეობებზეა დამოკიდებული.
ამ ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე _ “მდგრადი განვითარების მიზნების მომენტი 2026”, განაცხადა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანამ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი გამოწვევა ამ შედეგების ინკლუზიურ განვითარებაში ასახვაა;
“ყველა ამ ძალისხმევის ცენტრში დგას პრინციპი _ არავინ დარჩეს განვითარების მიღმა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ განვითარებამ მოიცვას არა მხოლოდ ჩვენი ქალაქები, არამედ სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც. სწორედ ამიტომ, ქალაქსა და სოფელს შორის უთანასწორობის შემცირება საქართველოსა და გაეროს 2026-2030 წლების თანამშრომლობის ახალი ჩარჩოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თუმცა, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ II კვარტალში დაფიქსირებული 6.9%-იანი საერთო ეკონომიკური ზრდა (მშპ _ 28 147.0 მლნ ლარი) ძირითადად მსხვილ ქალაქებსა და მომსახურების სექტორებზე მოდის:
ტრანსპორტი და დასაწყობება _ ზრდა 19.8%;
ხელოვნება, გართობა და დასვენება _ ზრდა 17.4%;
ინფორმაცია და კომუნიკაცია _ ზრდა 16.6%;
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება _ ზრდა 15.0%.
პარალელურად, რეგიონების ბაზისურ სექტორებში კლებაა: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში _ 3.5%, ხოლო მშენებლობაში _ 4.8%.
გარდა ამისა, საქსტატის 2026 წლის II კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2 389.3 ლარს შეადგენს. თუმცა, თუ თბილისში საშუალო ხელფასი 2 758.5 ლარია, გურიაში ეს მაჩვენებელი 1 616.7 ლარს არ აღემატება (ქვეყნის საშუალოზე 770 ლარით ნაკლები).
ეკონომისტი და სოციოლოგი პაატა აროშიძე “ბიზნესპრესნიუსთან” აღნიშნავს, რომ უმუშევრობის 13.8%-მდე შემცირების მიუხედავად, მთავარი პრობლემა დასაქმებულთა დაბალი ანაზღაურებაა, განსაკუთრებით მაღალი ფასებისა და დანახარჯების ფონზე:
“ადამიანი, შესაძლოა, მუშაობდეს და სტატისტიკაში აღირიცხებოდეს, როგორც დასაქმებული, მაგრამ მისი ყოველთვიური შემოსავალი 700-800 ლარი იყოს… სტატისტიკურად კარგია, რომ უმუშევრობა შემცირდა, მაგრამ ფაქტია, რომ დასაქმებულების ხელფასი არ არის ადეკვატური იმასთან, რაც არის დანახარჯები და ცხოვრების პირობები”, _ განმარტავს აროშიძე და დასძენს, რომ ეს დისპროპორცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა რეგიონებში.
სანამ ექსპერტები სოფლის მეურნეობის ვარდნასა და დაბალ ხელფასებზე ამახვილებენ ყურადღებას, ცენტრალური ხელისუფლება აგრარულ სექტორში არსებულ პროგრესზე მიუთითებს. “ფერმერის დღე 2026-ზე” სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით წინსვლაა:
“გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა”, _ თქვა კობახიძემ.
ამავე ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამების შედეგად აგრობიზნესის გამოშვება ყოველწლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდება, ხოლო ექსპორტმა რეკორდულ 1.8 მილიარდ დოლარს მიაღწია:
“დღეს საქართველოს ათ უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ნახევარი აგროსასურსათო პროდუქტია… ჩვენი მიზანია სრულად ავითვისოთ საქართველოს აგროსექტორის პოტენციალი და გავაძლიეროთ მისი კონკურენტუნარიანობა”.
არსებულ ოფიციალურ სტატისტიკასა და ცენტრალური ხელისუფლების ნარატივს ადგილობრივი რეალობიდან გამომდინარე, “გურია ნიუსთან” აფასებს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი პარტია “ლელოდან”, გოჩა ჯანაშია. მისი თქმით, ციფრებით მანიპულირება აპრობირებული მეთოდია, ხოლო გურიის სოფლებში მდგომარეობა სრულიად საპირისპიროა:
“გურიის რეგიონი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და ერთ-ერთი ყველაზე გაღატაკებული რეგიონია. შესაბამისად, რაიმე ეკონომიკურ ზრდაზე საუბარი სასაცილოა, სატირალი თუ არა. განსაკუთრებით მთიანი სოფლები იცლება. მაშინ, როცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ძირითადად სოფლის მეურნეობაზე _ სიმინდსა და თხილზეა დამოკიდებული (ჩაი თავის დროზე ამოძირკვეს), სიმინდს რა ეკონომიკური ზრდის მოტანა შეუძლია? ფაროსანას შემოსევის შემდეგ თხილის მოსავალიც უმძიმეს მდგომარეობაშია და მოსახლეობამ მისი აჭრაც კი დაიწყო. საქსტატის მონაცემები ახლოსაც არ არის იმ რეალობასთან, რაც გურიის სოფლებში ხდება”, _ ამბობს ჯანაშია “გურია ნიუსთან”.
“ლელოს” წარმომადგენელი გამოსავალს სოფლის მეურნეობის სტრუქტურულ რეფორმასა და ევროპული გამოცდილების გაზიარებაში ხედავს:
“გამოსავალი არის პატარ-პატარა მიწების გაერთიანება და ერთი ფერმერული ჯგუფის/ინვესტორის ხელში მოქცევა, ბალტიისპირეთის მაგალითზე (როცა რამდენიმე ოჯახი თუ ნათესავი ერთობლივად მართავს საწარმოსა და ფერმას). თავის დროზე მხარდაჭერა ევროკავშირისგან უნდა ყოფილიყო, თუმცა, დღეს შეჩერებულია. უნდა განვითარებულიყო რძის გადამამუშავებელი საწარმოები, ფერმები, ასევე მინი-ქარხნებით ჩაის აღორძინება. ასე თუ გამოსწორდება მდგომარეობა ნაბიჯ-ნაბიჯ, თორემ სხვა გურიას არაფერი გააჩნია”, _ ეუბნება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი “გურია ნიუსს”.
არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკასა და ბიუჯეტის გადანაწილებას აკრიტიკებენ პარტიაში “გახარია საქართველოსთვის” _ პარტიის წევრ შალვა კერესელიძის თქმით, ოფიციალურად დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა რეალურად ბიუჯეტში აუთვისებელი, ჭარბი ფულია, რომელიც საზოგადოებაზე არასწორად ნაწილდება.
“ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ გაზრდილი დოვლათი სწორად უნდა გადანაწილდეს ხალხზე _ გაიზარდოს პენსიები, სოციალური დახმარება, ხელფასები თუ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები. დღეს ეს გაზრდილი ეკონომიკა ხალხზე კი არ ნაწილდება, არამედ ისევ “ოცნების” ჩინოვნიკებზე _ მათი კლანური ძალაუფლებისა და გავლენების გასაძლიერებლად. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ცხოვრების დონე უმჯობესდება, ამ დროს კი მოქალაქეები კატასტროფული ტემპით ტოვებენ ქვეყანას ოჯახების გამოსაკვებად, ეს რეალური კრიზისის მაჩვენებელია. სად გაგონილა, ეკონომიკა 6%-ით იზრდებოდეს და ამ დროს სოფლის მეურნეობა ვარდნას განიცდიდეს?” _ უთხრა “გურია ნიუსს” კერესელიძემ.
იგი, ასევე, ეხება სამინისტროებში გახორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებსა და რეგიონულ პოლიტიკას, რაც, მისი თქმით, მხოლოდ ჩინოვნიკების კომფორტს ერგება:
“რეგიონების გაძლიერებაზე საუბარი მხოლოდ პიარია. მაგალითად, 18 აგვისტოს განკარგულებით, მთის განვითარების ფონდიდან თანხები გამოეყო გარდაბანსა და ხონს (რომელთაც მხოლოდ 2-3 მაღალმთიანი სოფელი აქვთ), ხოლო სრულად მაღალმთიან რაიონებს _ ონს, ყაზბეგსა და დუშეთს _ ერთი ლარიც კი არ მისცეს. ამას ემატება აგრარული სექტორის მძიმე მდგომარეობა: რუსული პროდუქციის მოძალებამ ადგილობრივი ბაზარი წალეკა, ხოლო სახელმწიფო პროგრამებით მხოლოდ მსხვილი ბიზნესი სარგებლობს, რადგან მცირე ფერმერს 40%-იანი თანადაფინანსების რესურსი უბრალოდ არ აქვს. შედეგად, ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან და ქართული სოფელი მოსახლეობისგან იცლება”, _ აღნიშნავს კერესელიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას.
_ რა არის მთავარი გამოსავალი სოფლის დაცლის შეჩერებისა და რეგიონების რეალური განვითარებისთვის?
_ ეს არის კომპლექსური პრობლემა, რომელსაც სისტემური მიდგომა სჭირდება. ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუ გზას დააგებს, ამით ყველაფერი მოგვარებულია.
გზა, წყალმომარაგება, მოწესრიგებული სასკოლო და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა (და არა ისეთი ქაოსი, როგორიც სენაკის ან მისაქციელის სკოლებშია, სადაც სწავლის დაწყებიდან ერთ კვირაში ავარიულობის გამო შენობებს ხურავენ, როგორიცაა მდგომარეობა ლანჩხუთის ბაღში), ამბულატორია, ინტერნეტი, ტრანსპორტი და ამას პლიუს რეალურად მორგებული მხარდამჭერი პროგრამები _ აი, ეს თუ არ შეიქმნა ერთობლივად, ქართული სოფლის გადარჩენა შეუძლებელი იქნება.
სანამ ცენტრალური ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნებიდან თუ საზეიმო ღონისძიებებიდან ეკონომიკურ წარმატებებსა და 5.4-მილიარდიან მშპ-ზე საუბრობს, ოფიციალური სტატისტიკაცა და ადგილობრივების შეფასებებიც აჩვენებს, რომ გურიისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ აგრარულ სექტორში არსებული ვარდნა და სოფლებიდან მოსახლეობის გადინება რჩება.
“რა გვეტყობა ჩვენ, პირადად, რომ ეკონომიკა ძლიერდება? ჩემი მაცივარი, მაგალითად, პირიქით ამბობს”, _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბრისას ადგილობრივი მცხოვრები.
დაზუსტებული წლიური მონაცემები მოგვიანებით გამოქვეყნდება, თუმცა, მოსახლეობისთვის ეკონომიკის ზრდის მთავარი ინდიკატორი მაინც არა ოფიციალური პრეზენტაციები, არამედ საკუთარი ჯიბე და ოჯახის ყოველდღიური პირობებია.
ავტორი



































































