გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ გადადგომის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს გუშინ მიმართა. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და მისთვის წასვლა არავის უთხოვია.
„გურია ნიუსის“ კითხვებმა, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედ გუბერნატორს გუშინ დავუსვით, სალუქვაძე გააღიზიანა _ ზოგი კითხვა უპასუხოდ დატოვა, ზოგზე კი აგრესია გამოხატა.
ჯერ კიდევ საჯარო მოხელესთან, ეს ინტერვიუ, გუშინ, ფეისბუქით ჩაიწერა, რადგან გუბერნატორს, მისივე თქმით, სასაუბროდ არ ეცალა:
_ ბატონო გია, სულ ცოტა ხნის წინ ჩვენთან საუბრისას ამბობდით, რომ არსად წასვლას არ აპირებდით. ახლა რა შეიცვალა. ვინმემ გაიძულათ?
_ კონცერტზე ვარ, ბლექსიზე. იძულებას რაც შეეხება, არ მგონია ასე ფიქრობდეთ.
_ ჩვენ იმ კითხვებს ვსვამთ, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. შესაბამისად, გეკითხებით, რა მოხდა რამდენიმე დღეში…
_ კითხვები დაუსვით აწი ახალ გუბერნატორს, დროებით.
_ მასაც დავუსვამთ, მაგრამ ახლა თქვენ გეკითხებით. რატომ მიდიხართ, ვინ გთხოვათ?
_ ოჯახმა.
_ ოჯახმა გთხოვათ, თანამდებობა დაგეტოვებინათ? რატომ?
_ მე დავამთავრე თქვენთან საუბარი _ კონცერტით ვტკბები. ხომ არ გეკითხები, ვინ დაგავალათ ასეთი კითხვების დასმა?
_ ჩვენ თქვენთვის შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია, თქვენ კი გვაყენებთ…
_ შეიძლება ოჯახთან კონცერტზე დასვენება თუ არა? სამჯერ გითხარით და მაინც არ მასვენებთ!
_ ჯერ კიდევ გუბერნატორი ხართ, საჯარო მოხელე და კითხვებზე პასუხიც თქვენი ვალდებულებაა. მით უმეტეს, რომ ინტერესის საგანია ეს თქვენი მოულოდნელი “გადაგდომა”…
_ როცა გაცნობეთ, რომ სამსახურის შემდეგ კონცერტზე ვარ, მაინც მისვამთ კითხვებს, რომელზეც ერთი პასუხია _ მე თვითონ გადავდექი, მაგრამ, ეტყობა, თქვენ არ „გაწყობთ“ ასეთი პასუხი, თუმცა, რამდენჯერაც არ უნდა შემეკითხოთ, პასუხი ერთი და იგივე იქნება. 3 წელი ციხეში, ორნახევარი გურიაში და ბავშვები უჩემოდ იზრდებიან. ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.
_ და ახლა სახლში იქნებით?
_ არა, რატომ? განვიხილავ შემოთავაზებებს. ცოტას დავისვენებ ჩემს შვილებთან და შვილიშვილთან ერთად, რომლებიც გურიაში მყავს ამჟამად.
_ ბატონო გია, თქვენი გადადგომის შესახებ ინფორმაცია „გურია ნიუსმა“ ექსკლუზიურად დილით გაავრცელა და საღამოს უკვე შემოთავაზებები გქონდათ?
_ მე დასამთავრებელი მქონდა „ზარასთან“ საკითხები და დღეიდან მივმართე პრემიერს. და საერთოდ, ნუ ეძებთ შეთქმულებებს. იმას ჰკითხეთ, ვინც ჩემი გადადგომის შესახებ გითხრათ და მიხვდებით, რომ სიმართლეს გეუბნებით.
_ თქვენი გეგმების შესახებ ჩვენს წყაროს უნდა ვკითხოთ?
_ ბოდიში, მაგრამ უხერხულია, კონცერტზე ვარ. უკვე მოგწერეთ, რომ სად და რას ვაპირებ, ჯერ მე არ გადამიწყვეტია. დღეს მივწერე პრემიერს გადადგომაზე და ველოდები განკარგულებას.
_ მანამდე გქონდათ პრემიერთან საუბარი?
_ რა თქმა უნდა მქონდა. ერთი თვის წინ. რა არის იცით? რაჭის გუბერნატორიც წავიდა 10 დღის წინ და მისთვის კითხვები არავის დაუსვამს.
_ ვის გულისხმობთ?
_ ჟურნალისტებს.
_ „გურია ნიუსს“ თქვენი გადადგომის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია ჰქონდა და რატომ გიკვირთ კითხვები?
ამ შეკითხვაზე გია სალუქვაძემ პასუხი აღარ გაგვცა.
გურიის მოქმედმა გუბერნატორმა არც ის დააკონკრეტა, გახდა თუ არა პოლიტიკური თამაშის მონაწილე და მისი წასვლა უკავშირდება თუ არა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, რომლის გამოც, ხელისუფლებას ან ქალაქის მერი უნდა „გაეწირა“, ან ოზურგეთის გამგებელი. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სწორედ ეს გახდა სალუქვაძის „გადადგომის“ მიზეზი.
ჩვენი წყაროს ინფორმაციას ისიც ამყარებს, რომ უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, სალუქვაძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე შეცვლის, ხოლო ოზურგეთის მერის პოსტზე „ქართული ოცნებიდან“ კენჭს ბეგლარ სიორიძე იყრის.
ამავე თემაზე: გურიას ახალი გუბერნატორი ეყოლება _ ვინ შეცვლის სალუქვაძეს (ექსკლუზივი)