ცოტა ხნის წინ ლონდონში ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში გაიხსნა უჩვეულო „ანატომიური გამოფენა“, რომელიც მთლიანად ეძღვნება ადამიანის ტვინს.
„ტვინი: აზრი, როგორც მატერია“ – ასეთი დევიზით, ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ აჩვენებენ 150-ზე მეტ ექსპონატს – ანატომიურ მოდელებს, ფოტო და ვიდეომასალას, ჩანახატებს, სამეცნიერო ტექსტებს, სამედიცინო ხელსაწყოებს ტვინზე ოპერაციისთვის.
მაგრამ გამოფენის მთავარი ექსპონატია ადამიანის ნამდვილი ტვინი, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენელს ეკუთვნის – ეს არის ალბერტ აინშტაინის ტვინი ფორმალინში. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ იგი არასრულადაა წარმოდგენილი – სახეზეა მხოლოდ ორი ნაჭერი ტვინის 240 ნაწილიდან, რომლებიც საიდუმლოდ „მომზადდა“ პათოლოგანატომების მიერ 1955 წელს, დიდი სწავლულის სხეულის კრემაციის წინ.
გამოფენაზე აინშტაინის ტვინი არაა ერთადერთი „ცნობილი“ – გარდა სხვა ნიმუშებისა წარმოდგენილია, აგრეთვე, მეცხრამეტე საუკუნის მრისხანე მკვლელის, ედვარდ რულოფის ტვინის ნაწილი. რულოფი, რომელსაც თანამედროვენი ბრწყინვალე ფილოლოგად მიიჩნევდნენ, სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, თავისი ოჯახის განადგურებითაც იყო დაკავებული: მან მოკლა ცოლი, ბავშვი და ბიძაშვილი, თუმცა მისი მსხვერპლი მარტო ნათესავები არ იყვნენ.
ავტორი