ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. “გურია ნიუსთან” ისინი რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივ მართლმადიდებელ ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის დაპირისპირების შესახებ საუბრობენ.
სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის, ზვიად კაცაძის თქმით, სოფელში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ეს პირველი შემთხვევა იყო.
“პირველი შემთხვევა იყო ბუკნარის ისტორიაში, როცა ადამიანებმა ერთმანეთს, რელიგიის ნიადაგზე, ხელი დაარტყეს.
ეს პირველებმა მათ დაიწყეს რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა ბიჭი ცემეს. თუ ვინმემ ომი დაიწყო და სისხლი დაღვარა, ეს, პირველ რიგში ეგენი (მუსლიმები, ავტ.) იყვნენ.
ვინც ეს გააკეთა, იმის ოჯახის უფროსმა პროვოკაციულად დაიწყო სიარული სოფლის ცენტრში. მან იცოდა, რომ მოსახლეობა ამ ფაქტით იყო გაღიზიანებული, მოახდინეს ხალხის მობილიზაცია და მოხდა, ის რაც მოხდა.
მოზარდების დაშავება სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ისინი აქ საჩხუბრად მოიყვანეს. თუ საჩხუბრად მოდიოდნენ, ბავშვები სახლში უნდა დაეტოვებინათ.
მოთხოვნა ის გვაქვს რომ სოფელში მეჩეთი არ გვინდა. სადაც ცხოვრობენ, იმ სოფლებში აქვთ საკმარისი მეჩეთები. იცოდნენ რომ მეჩეთის გაკეთებას მოსახლეობა ეწონააღმდეგებოდა, მაგრამ მათ მაინც დაიწყეს. ეს გამოიწვევს დიდ გაღიზიანებას და აქ მეჩეთი არ იქნება”, _ გვითხრა ზვიად კაცაძემ.