კახი მენაბდე, გურიის არქიტექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე:
“ეს პროცესები რომ დამთავრდება, საქართველოს აუცილებლად დასჭირდება სწრაფი განვითარება; ამისთვის უნდა მოვიზიდოთ ბევრი ინვესტიცია ევროპიდან და შემდგომ, ეს ინვესტიციები გამოვიყენოთ სწორად.
მთავარი მოქმედი გმირი, რა თქმა უნდა არის ადამიანი და ის სპეციალისტები, ვინაც განათლება მიიღო არამარტო საქართველოში, არამედ ევროკავშირის და დასავლეთის ქვეყნებში.
აქედან გამომდინარე, მინდა ამოვიდე ჩემი სფეროდან, სადაც ვარ დასაქმებული _ ეს არის არქიტექტურა და სამშენებლო სფერო, რომლებსაც სჭირდება კარგი არქიტექტორები, კარგი სივრცითი მოწყობის სპეციალისტები, კარგი ურბანისტები.
მარტო ინვესტიციები არ კმარა, ეს კარგად გამოჩნდა ბაკურიანის მაგალითზე, სადაც ჩაიდო უამრავი ინვესტიცია, უამრავი ფული და რა მივიღეთ?! დავკარგეთ ყველაზე კარგი, რა ხიბლიც ჰქონდა ბაკურიანს, სადაც ძირითადი მამოძრავებელი ტრანსპორტი იყო მარხილები, სამარშრუტო ტაქსებადაც კი მარხილები გამოიყენებოდა.
დღეს რა მდგომარეობა გვაქვს _ საცხოვრებელ ქუჩებში ტალახი, კორპუსები, მოკლული სივრცეები და ფაქტობრივად, ეს ძალიან კარგი კურორტი დავამახინჯეთ, რაზეც გული შეგვტკივა მე და თითოეულ ქართველს.
შესაბამისად, ჩვენ რომ ვყოფილიყავით ევროკავშირის წევრი და ძლიერი ინსტიტუტები გვქონოდა, ამის უფლებას არავინ არ მოგვცემდა. მაქვს ასეთი შეკითხვა: ევროკავშირი და ევროპა რას იზამდა, წაგვართმევდა ბაკურიანს?! წაგვართმევდა ქართველობას?! არა, პირიქით შეგვანარჩუნებინებდა იმას, რაც კარგი იყო და განვავითარებდით იმას, რაც გამოსასწორებელია და ნამდვილად განსავითარებელი.
აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, დღევანდელმა ახალგაზრდებმა არ უნდა დაკარგონ შანსი და აუცილებლად გააგრძელონ სწავლა ევროპულ ქვეყნებში, ეს იქნება „ერასმუსის“ პროგრამა თუ სხვადასხვა გაცვლითი პროგრამები, რომლებიც მოქმედებს დღევანდელ რეალობაში”.
“გურია ნიუსმა” მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).
“გურია ნიუსი” ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.
“გურია ნიუსის” მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.