7 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენელმა, სოფო ვასაძემ კიდევ ერთხელ ითხოვა საკრებულოს წევრთაგან დახმარება, მეტად საჭირო პროექტის გახორციელების გზაზე, რომელიც, მისივე თქმით, ახალგაზრდებისთვის არის პროფესიის მიღების და დასაქმების საუკეთესო გზა და საშუალება.
_ გაეროს განვითარების ფონდმა სამწლიანი პროექტი დაიწყო, რაც დასაქმებას და ადამიანთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას ეხება. გვჭირდება თქვენი დახმარება ადგილებზე, რაც ადრეც გთხოვეთ, თუმცა, აქტივობა არ არის _ თქვა მან.
სოფო ვასაძემ საკრებულოს წევრებს შეახსენა, რომ სურდათ იმ პირთა სიის შედგენა, ვინც პროექტით დაინტერესდებოდა.
საკრებულოს წევრებმა შესთავაზეს, ერთობლივ ორგანიზებაზე ეფიქრათ.
_ადგილზე რომ მოხვიდეთ, ჩვენც მოვალთ და დაგეხმარებით, _ თქვა მარიკა ჩხიკვიშვილმა.
_ასე მნიშვნელოვანი პროექტის გახორციელებაში, რაც ახალგაზრდებს განსაკუთრებით გამოადგება და გზაზე დააყენებს, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ახალგაზრდობის დასაქმების შანსი არ უნდა დავკარგოთ, _ თქვა საკრებულოს წევრმა, შოთა გოგიბერიძემ.
საბოლოოდ, საკრებულოს წევრებთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ მოქალაქეთა მეტი ინფორმირების მიზნით, მოეწყოს შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში.