ლანჩხუთში მოქმედი საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვები დაწესდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გამოსცა რეკომენდაციები, რომლის თანახმად, ახალი რეგულაციები ამოქმედდება და მათ ოპერირების უფლება ეძლევათ მხოლოდ ე.წ. მიწოდების სერვისების გზით.
მერიის პრესსამსახურის განმარტებით, დაწესებული შეზღუდვა ე.წ. უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებზეც ვრცელდება და მათ კუთვნილი საკვების წაღება სახლში მოუწევთ. ხოლო ბენეფიციართა იმ კატეგორიას, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს, საკვებს ოჯახებში მიუტანენ.