რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებას პასუხობს და არ ადასტურებს, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შექმნილი კომისიის სხდომა რამდენიმე წუთში დატოვა.
„თუ ასეთი განცხადება გააკეთა, ჩემთვის გაუგებარია რატომ გააკეთა. სხდომაზე ვიჯექი ჩვეულებრივად, დაახლოებით ერთი საათი.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მობილიზებულები ვართ თავიდან ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ.
ყოველ შემთხვევაში, წელს დიდი რაოდენობით შევამსუბუქოთ ის დაწოლა, რაც ფაროსანაზე გვაქვს. ერთ წელში ამის მთლიანად მოგვარება ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა ზურა ალავიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოთარ დანელიას განცხადებით, ზურა ალავიძემ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შექმნილი კომისიის სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა:
“შეგახსენებთ, სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას, აჭარას პრაქტიკულად გადაუარა ფაროსანამ. ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე სხდომას და ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ის ერთხელაც არ მინახავს რეგიონში ჩასული”, _ განაცხადა დანელიამ.