საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე მთაწმინდის პარკში წარადგინა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად, მეგობრებო, ეს არ იქნება რთული გამარჯვება, ეს იქნება პატიოსან, სამართლიან ბრძოლაში ნამდვილი, ჭეშმარიტი გამარჯვება იმიტომ, რომ კახი ნამდვილად იმსახურებს ამ გამარჯვებას,” _ განაცხადა პრემიერმა კანდიდატის წარდგენისას.
კახი კალაძის თქმით, თბილისთან განსაკუთრებული ემოციები აკავშირებს:
“ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი გამარჯვება და მისკენ სავალი ძალიან რთული გზები, მაგრამ ყოველთვის მყავდა გვერდით გუნდი _ ფეხბურთში, ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაშიც და ენერგეტიკაშიც.
ჩვენ ყოველთვის გამარჯვებით ვაღწევდით მიზანს, ვინდაიდან ყოველთვის ვიცოდით როგორ გვეკეთებინა ის საქმე, რასაც ხელი მოვკიდეთ და დღესაც ჩვენ ყველა, ვინც ვთვლით, რომ თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება ვართ ერთად, ჩვენ ერთნი ვართ, მე და თქვენ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს“,- აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით ხედვების და მიზნების პრეზენტაცია უახლოეს ხანში გიმართება.
“ამ ქალაქში ხალხი ელოდება განახლებას, რაზეც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახების კეთილდღეობა, შვილების ჯანმთრელობა, ჯანსაღი გარემო და კომფორტი. ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და არის ადამიანი – მთელი თავისი პრობლემებით, განცდებით და მომავლის იმედით, გამარჯვების სურვილით.
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას ვიმუშაოთ, როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე კონკრეტულად ყველა უბნისთვის და პერსონალურად თითოეული თბილისელისთვის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ასაკის და სქესის, იდენტობის, შესაძლებლობების, ეროვნების თუ სარწმუნოების მიუხედავად თავს გრძნობდეს ამ დიდი ტრადიციების მქონე ქალაქის ორგანულ ნაწილად“,- განაცხადა კალაძემ.