აპირებს თუ არა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას- დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის ამ კითხვას შემდეგი პასუხი გასცა: “ამ კითხვას პასუხი გაეცემა მაშინ, როცა გაეცემა”.
„ეს ბრიფინგი არ იყო დაგეგმილი, რამეთუ მე არაფერს ვაპირებდი, დღეს ყოველ შემთხვევაში. როცა გავიგე, რომ აქ ჩატარდებოდა აქცია, ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ჩავსულიყავი იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც არაერთი ბრძოლა გაგვივლია იმ შავბნელ დღეებში, როცა ჩვენ ერთად ვებრძოდით სააკაშვილის დანაშაულებრივ და უსამართლო რეჟიმს. მე ამ ადამიანებისთვის ჩავედი და არა იმისთვის, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე, არ ვიცი ვისგან მართული, შემოვარდნილიყო სასახლეში. ეს არ არის ფორმა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო მათი მიზანი. მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც ამ საერთო წარსულის გამო ძალიან დიდ პატივს ვცემ, არაერთხელ მოსულან სასახლეში. იციან, რომ ჩემი კარი ღიაა, ყველას შეუძლია მოითხოვოს შეხვედრა და მე ყველას ვხვდები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.