„ამ მთავრობაში ტურიზმი და ავიაცია ერთმანეთში ეშლებათ,“ – როგორც HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, პოლიტიკას ქართულ ავიაციაში უცხო ქვეყნის ავიაკომპანიები ქმნის, ჩვენ კი მარტო პარკირების ფუნქცია გვაქვს.
„14 წელია, რაც ავიაციაში ვარ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც „აეროფლოტის“ განყოფილება გვქონდა თბილისში და ვიყავით ფილიალი, გვერგო 40-45 თვითმფრინავი. 1998 წელს მოხდა პირველი რეფორმა და დასავლურ ტიპებზე გადავედით. 2003 წლიდან, სააკაშვილის მოსვლის შემდეგ, დაიწყო ავიაციის განადგურება ანუ შეიცვალა პოლიტიკა და ზედმიწევნით სრულდება ის, რაც იყო დაანონსებული რომ ჩვენ ვყოფილიყავით უცხო ქვეყნების პლატფორმა და არ განვითარებულიყო ეროვნული ავიახაზები. ანუ, ჩვენ პრობლემა გვაქვს პოლიტიკასთან – არ არსებობს საქართველოში ავიაციის განვითარების პოლიტიკა. სხვათაშორის, ვფიქრობდი, ეს შეგნებული მიდგომაა თუ შეუგნებელი და ერთ-ერთი ვერსიაა, რომ ამ მთავრობაში ტურიზმი და ავიაცია ერთმანეთში ეშლებათ, ტურიზმის განვითარება ხდება და ტურისტისთვის სულერთია, ვინ ჩამოიყვანს, „თურქეთის ავიახაზები“, ქართული კომპანია თუ სხვა,“ – აცხადებს გიორგი კოდუა.
მისი თქმით, ქართული ავიაცია 20-25 წელია ერთ წრეზე ტრიალებს, მაშინ, როდესაც თუნდაც მეზობელ თურქეთში, „თურქეთის ავიახაზებს“ 25 წლის წინ 124 თვითმფრინავი ჰყავდა, ახლა 470 და მეტი ჰყავთ.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 2008 წელს, როდესაც რუსეთი დაგვესხა თავს, ყველა ავიაკომპანიამ, რომელიც არის საქართველოს ბაზარზე, შეაჩერა რეისები. რა ქნა ამ დროს საქართველოს მთავრობამ?! დაგვიკავშირდა ჩვენ და „აირზენას“ და გვთხოვა, მგზავრები, რომლებიც ჩარჩენილები იყვნენ საზღვარგარეთ, გადმოგვეყვანა სამშობლოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით შევასრულეთ ეს დავალება. სხვათაშორის, მაშინ „თურქეთის ავიახაზებმა“ ტრაბზონში დატოვა საქართველოს მოქალაქეები. ამით იმის თქმა მინდა, რომ მე, რომელსაც ქართული კომპანია მაქვს, მეტი ვალდებულება მაქვს მთავრობისა და ხალხის წინაშე,“ – აღნიშნა კოდუამ.
როგორც მან განაცხადა, პოლიტიკას ქართულ ავიაციაში უცხოური კომპანიები ქმნიან და ეს გაუმართლებელია. მაგალითისთვის კი Fly Dubai მოიყვანა, რომელსაც, მისი თქმით, შეუძლია, რომ ნებისმიერ დროს გააჩეროს დღეში 3 რეისი და ამ დროს სრული პარალიზება მოხდება.



































































