ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა აჭარის ტელევიზიაში სტუმრობისას, თოქ-შოუ “კვირის მთავარში“ განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრი ყოველთვის იყო რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი და სასაცილო ბრალდებების საგანი.
“ამბებს, რომელსაც ლუგარის ცენტრზე იგონებდნენ არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, რომ საკუთარი თვალით ენახათ თუ რა კეთდება ლაბორატორიაში. იქ არაფერია საიდუმლო, ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა. და ჩვენ ვცდილობდით, კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე გაგვეხადა სწორედ რუსეთისათვის, ის რაც ამ ლაბორატორიაში ხდება.
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში თავად საქართველომ აიმაღლა ხმა და ღიად დაიწყო საუბარი რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის თაობაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – საქართველომ ისაუბროს ამ ცენტრზე და გაფანტოს ფუჭი ბრალდებები. “ -აღნიშნა “კვირის მთავარში“ როს უილსონმა.