ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მცხოვრები მაკა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ სოფელში მძიმე მდგომარეობაა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრობლემების მოგვარებას გაურბიან.
“ამბვის გამტანიც არ გასულა დღეს ჯუმათიდან? სასმელი წყალი და მედიკამენტები მაინც გამოგვიგზავნეთ ვერტმფრენით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაც წაიღო წყალმა?“ _ ამბობს ჩხარტიშვილი.
როგორც სოფელში გვითხრეს, ორშაბათს მოსულმა უხვმა ნალექმა ჯუმათის ტერიტორიულ ერთეულში გზის სავალი ნაწილი დააზიანა, რის გამოც შეწყვეტილია მოძრაობა. ასევე, დაზიანდა ერთ-ერთი ქვესადგური, რომლის გამო შუქი არ მიეწოდება ადგილობრივებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინე მგელაძის თქმით, სოფელ ჯუმათში წყალმიმღები არის დაზიანებული სათავე ნაგებობაზე, ასევე, მოჭარბებული ნალექის გამო გზა არის ამორტიზებული, ელოდებიან წყლის ნაკადის დაწევას, რის შემდეგაც დაიწყება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების კომპანია შპს “სატისი“ დაიწყებს წყალმიმღების აღდგენას.
მისივე თქმით, ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენლებს დაწყებული აქვთ ქვესადგურზე არსებული პრობლემების მოგვარება.
თუ რა ზარალი მიაყენა 17 სექტემბერს, ორშაბათს უხვმა ნალექმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ჯერჯერობით, უცნობია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ შექმნილია სპეციალური შტაბი და მიმდინარეობს ზარალის აღწერა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა შრომის თემში ორმეთის, ხრიალეთის, ვაკისა და ოხოჯურის უნბნები. ხიდების დაზიანების შედეგად გარესამყაროს მოწყდა რამდენიმე ოჯახი, მოთხრილია ხეები, ელექტროგადამცემი ბოძები, დაღვარულია გზები და ჩამოწოლილია მეწყერი.
დაბა ურეკში მდინარე კუჩხას ადიდების შედეგად დაიტბორა წერეთლის, მესხისა და დუმბაძის ქუჩები. ადგილობრივებს დაეტბორათ საცხოვრებელი სახლები.
კონჭკათის ტერიტორიულ ერთეულში მოთხრილია ხეები, დაღვარულია გზები, რამდენიმე ადგილას განვითარდა მეწყრული პროცესი.
მერიაში ჩამოწვა მეწყერი, დაიღვარა გზები გოგორეთისა და ნაღობილევის უბნებში.
ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში მე-13, მე-6 და წითელსხივისა და ჯაფარეულის უბნებში დაიღვარა გზები, რის გამოც, ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია.
სოფელ ოზურგეთში ცხომელიძეების და თოხაძეების უბანში მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები. დაიტბორა რამდენიმე უბანი.
თხინვალის ტერიტორიულ ერთეულში დაიღვარა გზები და მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები.
ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოშლილია ჯებირები, დატბორილია ჩაის ფაბრიკისა და სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
ბაილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭანიეთურის უბანში დაზიანდა ხიდი და საუბნო გზები.
დაბა ნარუჯაში დაზიანდა ადმინისტრაციული შენობის კიბის საყრდენი ნაწილი, სანიაღვრე არხების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად დაიტბორა გზები და რამდენიმე მოსახლის საცხოვრებელი სახლი.