აშშ-ში ქალაქ ნიუპორტის პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დარეკონ 911-ზე, თუ მათ ტუალეტის ქაღალდი დაუმთავრდათ. აღნიშნულ განცხადებას ქალაქ ნიუპორტის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ძნელი დასაჯერებელია, რომ იძულებულნი ვართ ეს გამოვაქვეყნოთ. არ დაურეკოთ 911-ს მხოლოდ იმიტომ, რომ დაგიმთავრდათ ტუალეტის ქაღალდი. თქვენ გადარჩებით ჩვენი დახმარების გარეშეც“, – ნათქვამია ნიუპორტის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
ქალაქის პოლიცია მოსახლეობას ასევე სთავაზობს, ქვითრები, გაზეთები და ფოთლები ტუალეტის ქაღალდის ალტერნატივად გამოიყენონ.
„როდესაც ყველაფერი აზრს კარგავს, თქვენ გაქვთ ჟურნალის გვერდები. შეინახეთ ის კატალოგები, რომლებსაც ფოსტით იღებთ, რომლებსაც ჩვეულებრივად ყრით ურნაში. იყავით კრეატიულები. მოითმინეთ. არსებობს ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი. ესეც გაივლის. უბრალოდ არ დარეკოთ 911-ზე. ჩვენ ვერ მოგიტანთ ტუალეტის ქაღალდს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 85 ადამიანი კი გარდაიცვალა.