უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რითაც მწერალ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება.
„პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. მეორე – რადგან ჩვენს მშობლებსა და შვილებზე არ ვსაუბრობთ ამ მავნებლური „ფეიკკამპანიით“, რაც დამართეს, ამიტომ ახლა კიდევ აქეთ შეტევის ობიექტები გავხდით?! რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ისე წაიყვანეს საავადმყოფოში, ვერც გამაგებინეს, ინფარქტგადატანილი და სტენტირებული ქალი! არ ვაპირებდი თქმას, მაგრამ რამდენიმე სტატუსი შემხვდა და ვწერ…
გამოვიდა ვინმე წინა დღეებში ჩვენგან და მოჰყვა, როგორ მოხვდა საავადმყოფოში ჩვენი კოლეგების ოჯახის რამდენიმე წევრი? მათ შორის, მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც წინა დღით ტიკ-ტოკზე „ნაცების“ მიერ დამზადებული ამაზრზენი ვიდეო ნახა მამამისზე? მათ შორის, საკუთარი „ნაცი“ მასწავლებლის მიერ დაბულინგებული არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც რამდენიმე წუთი გათიშულს ასულიერებდნენ მისი მშობლები? გავაგრძელო? ბევრი შემიძლია, ძალიან ბევრი…
ის ხალხი მაინც ნუ ხართ დიდ გულზე, თავად რომ იყავით ბულინგის კამპანიის ავანგარდში… ამიტომ მორჩით ყველაფრის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, ამ სიგიჟეს, მარაზმს და ცოტა მაინც მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს!“, – წერს ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ მწერალი დათო ტურაშვილი სტენოკარდიული შეტევის გამო ერთ-ერთი სატელევიზიო სტუდიიდან კლინიკაში გადაიყვანეს.